ყურძნის მიღება-გადამუშავებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ჩატარების მიზნით, 60 მილიონი უტენდეროდ, გამარტივებული შესყიდვის წესით დაიხარჯება.
ფლანგვის დეტექტორის ცნობით, პროგრამის ბენეფიციარები ხშირად ქართული ოცნების მსხვილი შემწირველები ან სხვა გზით დაკავშირებული პირები და კომპანიები არიან, რომლებიც ევროპულ ბაზარზე დივერსიფიკაციის ნაცვლად, ღვინის ექსპორტს ისევ რუსეთში ეწევიან.
არადა, რთველის სუბსიდირების პროგრამა 2008 წელს დაიწყო და მიზანი სწორედ რუსული ემბარგოს უარყოფითი ზეგავლენის შერბილება იყო და პროგრამა უკვე 15 წელია გრძელდება.
მაგალითად, მოსავლის მართვის კომპანიამ 2022-2023 წლებში - 4,496,000 ლარის ხელშეკრულება შპს უნივერსალ სპირიტთან, ხოლო 615,900 ლარის ხელშეკრულება შპს გრუზვინპრომთან გააფორმა.
ორივე კომპანია რუსეთ-საქართველოს ორმაგ მოქალაქესთან, ვახტანგ კარიჭაშვილთან არის დაკავშირებული, რომელიც, თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორია.
,,ვინ იღებს სარგებელს სინამდვილეში რთველის სუბსიდირების პროგრამით? ხშირ შემთხვევაში, პროგრამის ბენეფიციარები ქართულ ოცნებასთან დაკავშირებული პირები და შემომწირველები არიან. ფლანგვის დეტექტორი გასულ წლებშიც წერდა აღნიშნულ თემაზე. მაგალითად, მოსავლის მართვის კომპანიამ 2022-2023 წლებში - 4,496,000 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს უნივერსალ სპირიტთან და 615,900 ლარის ღირებულების ხელშეკრულება შპს გრუზვინპრომთან სწორედ გამარტივებული შესყიდვის წესით გააფორმა.
შპს უნივერსალ სპირიტის 100%-ის მესაკუთრე შპს საქართველოს სპირტსახდელების გაერთიანებაა, ხოლო ამ უკანასკნელის მესაკუთრეები ვახტანგ კარიჭაშვილი და გიორგი ღამბაშიძე არიან - რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეები. რაც შეეხება შპს გრუზვინპრომს, მისი 100% წილის მეპატრონე არის შპს Bolero & Company, რომლის 100% წილის მეპატრონე ვახტანგ კაჭირაშვილია. საბოლოო ჯამში ორივე კომპანია დაკავშირებულია ერთ პირთან - ვახტანგ კაჭირაშვილთან.
საინტერესოა ამ კომპანიების კავშირი ქართულ ოცნებასთან. პარტიული შემოწირულობების რეესტრის თანახმად, შპს Bolero & Company-ის 2020 წელს მმართველი პარტიისთვის 120,000 ლარი აქვს შეწირული; შპს გრუზვინპრომის დირექტორმა, მამუკა ფოთოლაშვილმა 2017 წელს ქართულ ოცნებას 50,000 ლარი შესწირა; ხოლო შპს Bolero & Company-ისა და შპს უნივერსალ სპირიტის დირექტორს ირაკლი ბექაურს 2018, 2019, 2020 და 2021 წლებში ქართული ოცნებისთვის ჯამში 150,000 ლარი აქვს შეწირული.
საერთო ჯამში შპს უნივერსალ სპირიტ-თან და შპს გრუზვინპრომ-თან დაკავშირებულმა იურიდიულმა და ფიზიკურმა პირებმა ქართულ ოცნებას 320,000 ლარი შესწირეს" - წერს ფლანგვის დეტექტორი.
გარდა პარტიული შემოწირულობებისა, ვახტანგ კარიჭაშვილი არის ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის - უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორი, კერძოდ, 2021 წელს დაარსებული შპს მელიქიშვილი ინნ-ის 50-50%-ს ფლობენ უჩა მამაცაშვილი და ვახტანგ კაჭირაშვილი, რომლებიც რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეები არიან.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველომ რუსეთში ალკოჰოლის ექსპორტი 120 პროცენტზე მეტით გაზარდა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული შედეგების მიხედვით, ქართული ღვინის 65% რუსეთის ბაზარზე გავიდა.