ევროკომისია ევროზონაში ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს

ევროკომისიის ბოლო პროგნოზის თანახმად, ევროზონაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2015 წელს 1,5% იქნება, რაც 0,2%-ით მეტია ევროკომისიის თებერვლის პროგნოზზე.

ეკონომიკური ზრდის მთავარ მიზეზებად ევროკომისია ნავთობზე დაბალ ფასს, დასუსტებულ ევროსა  და ეკონომიკის სტიმულაციის ზომებს უკავშირებს.

როგორც ევროკომისიის ანგარიშშია ნათქვამი, ევროზონაში  ეკონომიკური ზრდა უმუშევრობის შემცირებას გამოიწვევს. პროგნოზის თანახმად, ევროზონაში უმუშევრობა მიმდინარე წელს 11% იქნება, 2016 წელს კი 10,5%-მდე შემცირდება.

"ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპული ეკონომიკა აგრძელებს ზრდას, რაც გამოწვეულია როგორც საგარეო ფაქტორებით, ასევე ევროკავშირის მიერ გატარებული პოლიტიკით. 2016 წელს ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ევროზონაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 1,9% იქნება", - განაცხადა ევროკომისარმა ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხებში პიერ მოსკოვიციმ.

ევროკომისიამ ასევე გააუმჯობესა ნავთობზე ფასების ზრდის პროგნოზი. ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, 2015 წელს ნავთობზე საშუალო წლიური ფასი ბარელზე 59,4 დოლარი იქნება, 2016 წელს კი 66 დოლარს შეადგენს.

საგაზაფხულო ანგარიშში ევროკომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთის ეკონომიკური ზრდის ვარდნა 3,5%-მდე 2015 წელს. პროგნოზის თანახმად, მიმდინარე წელს ასევე შემცირდა აშშ-ის მშპ, რომელიც 3,1% იქნება.