დავით უსუფაშვილი: ეკონომიკური პრობლემების სათავეს მინისტრები არ წარმოადგენენ

ეკონომიკური პრობლემების სათავეს მინისტრები არ წარმოადგენენ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მინისტრები და მთავრობა ამ პრობლემების მოსაგვარებლად საუკეთესო გზების ძიებას ახერხებენ.

"სათავეს მინისტრები არ წარმოადგენენ, სათავეს წარმოადგენს ის პრობლემები, რომელშიც უხდება ქვეყანას ყოფნა. მინისტრები არიან იმისთვის, რომ ეს პრობლემები მოაგვარონ, საუკეთესო გზები ნახონ შესაძლებლობიდან გამომდინარე. სწორედ ამ საუკეთესო გზების ძიებას ახერხებს მთავრობა, გუნდი და ეს ძიება გაგრძელდება", - განაცხადა უსუფაშვილმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, რომ მოლოდინი იყო, სამთავრობო ცვლილებები ეკონომიკურ გუნდშიც განხორციელდებოდა, უსუფაშვილმა უპასუხა, რომ ოპონენტების მხრიდან მოლოდინი იყო იმასთან დაკავშირებითაც, რომ კოალიცია დაიშლებოდა. "მოლოდინი ბევრნაირი იყო. მოლოდინი ისეთიც იყო, რომ ჩვენ საერთოდ სახლებში წავალთ ხვალ. ჩვენი ოპონენტები ნერვიულობენ იმაზე, რომ მოვედით ხელისუფლებაში, იმაზეც ნერვიულობენ, რომ საერთოდ ვართ ხელისუფლებაში, იმაზეც ნერვიულობენ, რომ სწორედ ამ ცვლილებებით გამოეცალა საფუძველი მათ კრიტიკას უცხოეთში, რაზეც მათ წლები და უზარმაზარი ენერგია დახარჯეს იმის დასამტკიცებლად, თითქოსდა საქართველო სადღაც სხვაგან მიდის. ეს განსაკუთრებით გააქტიურდა "თავისუფალი დემოკრატების" ოპოზიციაში წასვლის შემდეგ. ახლა მთელი ეს აშენებული ხუხულა დაენგრათ. ნერვიულობენ და თვლიან, რომ ეს ცვლილებები არ არის სწორი, ადეკვატური, რადგან თვითონვე მძიმე დღეში აღმოჩნდნენ. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ გავაგრძელოთ აღებული კურსი დემოკრატიზაციის, ქვეყნის წინსვლის, მათ შორის ეკონომიკური საკითხების მოგვარების, ბიზნესის განვითარების, იმ კრიზისთან გამკლავებით, რაც რეგიონშია სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებებით", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.