უბნის მაღაზიები ჰიპერმარკეტებს კონკურენციას ვეღარ უწევენ

"დიდმა სუპერმარკეტებმა ჩაგვძირეს, წაგებაზე ვმუშაობთ"

ქვეყანაში შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა განსაკუთრებით დიდი დარტყმა წვრილ მაღაზიებს მიაყენა. უმეტესობას მაღაზიისთვის კომერციული ფართი დოლარში აქვს დაქირავებული. შესაბამისად, მაღაზიის მფლობელებს დოლარის კურსის აწევით გადასახადი მკვეთრად გაეზარდათ. თუმცა, პრობლემა მარტო ამით არ ამოწურულა. დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში მომრავლებულ ჰიპერმარკეტებს უბნის მაღაზიები კონკურენციას ვეღარ უწევენ. ამიტომ მათი უმრავლესობა იძულებულია, მაღაზიის სექციები შეამციროს ან საერთოდაც დახუროს. როგორც ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, ბაზარი თვითონ დაარეგულირებს მიწოდება-მოთხოვნას და იმას - თუ ვინ დარჩება და გავა ბაზრიდან. თუმცა, უბნის მაღაზიები ასე არ ფიქრობენ და ჰიპერმარკეტების მხრიდან რითეილის ბაზრის სრულ მონოპოლიაზე ჩივიან. "ცხადია, მომხმარებლისთვის გაცილებით კომფორტულია ერთ სივრცეში, სასურველი პროდუქციის ხელსაყრელ ფასად შეძენა, თუმცა, ეს წვრილი მაღაზიების ხარჯზე არ უნდა მოხდეს", - მიიჩნევენ მაღაზიის მეპატრონეები, რომლებიც დიდ სავაჭრო ობიექტებს კონკურენციას ვეღარ უწევენ.

bpn.ge დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ჰიპერმარკეტების მახლობლად გახსნილი მაღაზიის მეპატრონეებს ესაუბრა. თითქმის ყველა უბანში მსგავსი ვითარებაა - მაღაზიის მეპატრონეები გაზრდილ ხარჯსა და გაყიდვების სიმცირეზე ჩივიან. მათთვის, ვინც უბნის მაღაზიის ხშირი მომხმარებელია, არ გამოეპარება ასეთი მაღაზიების სავაჭრო სივრცის შემცირება. 10 წელზე მეტია, რაც 50 წლის მარინე კოლმეურნეობის მოედანთან მდებარე სურსათის მაღაზიაში მუშაობს. თავის დროზე ვაჭრობა კარგად მიდიოდა, ფართის ქირასაც დროულად იხდიდა. თუმცა, ეკონომიკურმა კრიზისმა, რასაც მისი მაღაზიის მოპირდაპირედ ერთ-ერთი დიდი ჰიპერმარკეტის გახსნაც დაერთო, სერიოზული მატერიალური პრობლემა შეუქმნა და იძულებული გახდა ფართი შეემცირებინა, რადგან მაღაზიიდან შემოსული მოგებით ქირას ვეღარ ფარავდა. ნელ-ნელა კი ზოგიერთი პროდუქცია სარეალიზაციო ქსელიდან ამოიღო.

"ძალიან კარგი ვაჭრობა მქონდა. მაგრამ რაც დოლარის კურსმა აიწია, გადასახადი გამიძვირდა. თვეში 500 დოლარს ფართის ქირას ვიხდი. რამდენიმე თვის წინ დაახლოებით 900 ლარამდე გამომდიოდა გადასახადის გადახდა, ლარის გაუფასურების გამო კი ქირა 1200 ლარამდე გამეზარდა. ამას დაერთო ისიც, რომ ჩემი მაღაზიის წინ ჰიპერმარკეტი გახსნეს და ამან ძალიან გამიუარესა მდგომარეობა. გაუარესებული ვაჭრობის გამო, უარი ვთქვი ხილისა და ბოსტნეულის გაყიდვაზე, ბოლო რამდენიმე ხანია სიგარეტსაც ვეღარ ვყიდი, რადგან დისტრიბუცია სიგარეტს ნისიად არ მაძლევს. თავდაპირველად ფართი შევამცირე, ახლა ქირას თვეში 400 ლარს ვიხდი. თუმცა, ამის გადახდაც მიჭირს, რადგან ვაჭრობა არ მაქვს, კლიენტი აღარ შემოდის, ყველა ჰიპერმარკეტში დადის. მე რა კონკურენცია უნდა გავუწიო ასეთ მონოპოლისტს? ერთი და იმავე სახის პროდუქციის მარაგი სულ მცირე ნახევარ წელი მაინც აქვთ. კონკურენციას როგორ გავუწევ?", - ამბობს მაღაზიის მეპატრონე. მისივე თქმით, ვითარება თუ არ გამოსწორდება, იძულებული გახდება მაღაზია დახუროს.

"ბანკიდან კრედიტი მაქვს გამოტანილი. კიდევ სამი თვე მიწევს სესხის გადახდა და მანამდე მაღაზიას ვერ დავხურავ. შემდეგ კი მომიწევს. ამ ჰიპერმარკეტმა არა მარტო მიმდებარე მაღაზიებს დაგვარტყა, არამედ ახლო უბნებში მდებარე მაღაზიებსაც შეეხო. ასე თუ გაგრძელდა და სიტუაცია არ დასტაბილურდა, ალბათ კიდევ ბევრი მაღაზია დაიხურება", - გვითხრა ერთ-ერთი მაღაზიის მეპატრონემ.

კრიზისის ფონზე მაღაზიის ფართი მნიშვნელოვნად შეამცირა თბილისის მერიის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სასურსათო მაღაზიის მეპატრონემ. უბნის მაღაზიების შემცირება-დახურვამ ტენდენციის სახე მიიღო და ქვეყანაში შექმნილი რთული სოციალურ-ეკონომიური ვითარების გათვალისწინებით, ეს პროცესი როგორც ჩანს, კვლავაც გაგრძელდება. უბნის მაღაზიების მეპატრონეები ამბობენ, რომ მათი ბიზნესის ერთადერთი მამოძრავებელი ძალა ე.წ. ნისიაა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, პროდუქციის საფასური მოგვიანებით გადაიხადოს.

სალომე გოგოხია