კურორტ წყალტუბოში, სანატორიუმი „წყალტუბო“, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2 600 000 ლარად გაყიდა. ეს უკვე მეორე სანატორიუმია, რომელსაც ეგვიპტელი ინვესტორი ჰყავს, პირველი სანატორიუმი ,,მედეა“ იყო, რომელიც შპს „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ“ შეიძინა.
საპრივატიზებო პირობების მიხედვით, სანატორიუმის ახალმა მფლობელმა შპს „გოლდენ თაუერსმა“, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში ტერიტორიაზე მინიმუმ 100-ნომრიანი სასტუმრო-ინფრასტრუქტურა და კვების ობიექტები უნდა განათავსოს, რისთვისაც 7 800 000 ლარზე მეტი ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს.
„ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, ვინ ფლობს შპს „გოლდენ თაუერსს“. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, კომპანია 2021 წლის მაისში დარეგისტრირდა და 2 მფლობელი ჰყავს.
წილის 49%-ს საიდ მოჰამედ სალაჰ აბდელრაჰმან აჰმედ-ი ფლობს, რომელიც ეგვიპტის მოქალაქეა. საკონტროლო პაკეტის მფლობელი კი, ყატარის მოქალაქე ნაიეფ ეიდ მ.ტ. ალ-ტანი.
შეგახსენებთ, რომ პროექტ „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ ფარგლებში 2022 წელს აუქციონი ორჯერ გამოცხადდა და მთავრობამ გასაყიდად 14 სანატორიუმი გამოიტანა. პირველ აუქციონზე მხოლოდ 2 სანატორიუმი „თბილისი“ 3.152 მლნ ლარად, ხოლო სანატორიუმი „მედეა“ 5.830 მლნ ლარად გაიყიდა. მეორე აუქციონი კი, უშედეგოდ დასრულდა და 12 სანატორიუმიდან სახელმწიფომ ვერცერთი ვერ გაასხვისა.
ცნობისთვის, ყველაზე ძვირად ღირებული სანატორიუმი, რომელიც გასაყიდად გამოვიდა, არის ყოფილი სასტუმრო „უშიშროება", რომელიც 6,886 კვადრატული მეტრის შენობას და 250,768 კვადრატული მეტრის მიწას აერთიანებს. სასტუმროს საწყისი ფასი 8.47 მილიონი ლარი, მათში განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა კი 25.4 მილიონი ლარია.
იხილეთ ასევე: ვის ეკუთვნის კომპანიები, რომლებმაც წყალტუბოში სანატორიუმები „მედეა“ და „თბილისი“ იყიდეს