მანქანებზე შეზღუდვა უნდა დაწესდეს?!

"საჭიროა ევრო-4-ის სტანდარტის შემოღება და 2005 წელზე ადრე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის აკრძალვა"

საქართველოში ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება 2018 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდება, მანამდე კი სპეციალისტები ხელისუფლებას იმპორტზე ევრო-4-ის სტანდარტის დაწესებას ურჩევენ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ვეღარ შემოვა 2005 წლამდე გამოშვებული მანქანები.

მეზობელ აზერბაიჯანში ეს სტანდარტი ერთი წლის წინათ ამოქმედდა. 2016-ის იანვრიდან კი ევროინტეგრაციის გზაზე მყოფ უკრაინაში ავტომობილების იმპორტზე უკვე ევრო-5-ის სტანდარტი დაწესდება, რომელიც 2010 წელზე ხნოვან მანქანებზე აწესებს შეზღუდვას. შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანმა ავტომობილების იმპორტზე შეზღუდვა შარშან გაზაფხულზე დააწესა. 2014 წლის 1-ლი აპრილიდან აზერბაიჯანში 2005 წლამდე გამოშვებული ავტომანქანების იმპორტი ვეღარ ხორციელდება. ეს აკრძალვა არ ეხება იმ ავტომობილებს, რომლებიც დღეს ქვეყანაშია. ბაქოში ამბობენ, რომ მეორადი მანქანების უტილიზაციაც ეტაპობრივად მოხდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ძველი მანქანის მფლობელები არ მიიღებენ კომპენსაციას, სამაგიეროდ, შეეძლებათ უპრობლემოდ გამოიყენონ საკუთარი ავტოსატრანსპორტო საშუალება საბოლოო გაცვეთამდე.

2014 წლის 1-ელი იანვრიდან ევრო-4-ის სტანდარტი უკვე მოქმედებს უკრაინაში, ხოლო 2016 წლის 1-ელი იანვრიდან კი, უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში აიკრძალება იმ მანქანების შეყვანა, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ევრო-5-ის სტანდარტის ეკოლოგიურ მოთხოვნას. უკრაინის ავტოიმპორტიორებისა და დილერების ასოციაციის გენერალური დირექტორის ოლეგ ნაზარენკოს განცხადებით, 1-ლი იანვრიდან უკრაინაში იკრძალება 5 წელზე მეტი ხნის ავტომობილების იმპორტი.

უკრაინისგან განსხვავებით, საქართველოში ამ დრომდე არათუ ევრო-5-ის ეკოლოგიური სტანდარტის შემოღებაზეა საუბარი, არამედ ჯერ არც ევრო-4 მოქმედებს და არც ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება.

როგორც "რეზონანსთან" საუბრისას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ხმალაძე აცხადებს, ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება 2017 წლის 31 დეკემბრამდე გადაიდო. რაც შეეხება ევრო-4-ის სტანდარტის დაწესებას, ამას ასოცირების ხელშეკრულება ქვეყანას არ ავალდებულებს. "მთავარი ისაა, რომ ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება. ვალდებულება გვაქვს, რომ ის ავტომანქანები, რომლებიც ქვეყანაშია, ტექნიკურად გამართული იყოს. რაც შეეხება ევრო-4-ის სტანდარტის შემოღებას, ამას ასოცირების ხელშეკრულება არ გვავალდებულებს და ამა თუ იმ ქვეყნის მიერ ამ სტანდარტის დაწესება (ამ შემთხვევაში ვგულისხმობ უკრაინას) საკუთარი ნება-სურვილით მოხდა. ჩვენ შემთხვევაში რა მოხდება, დაწესდება თუ არა უახლოეს წლებში ავტომობილების იმპორტზე ევროსტანდარტი, ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით", - განუცხადა "რეზონანსს" ხმალაძემ.

როგორც bpn.ge-სთან საუბრისას "ეკოტრანსპორტის ცენტრის" აღმასრულებელმა დირექტორმა ვასო ურუშაძემ აღნიშნა, სანამ ტექნიკური დათვალიერება ძალაში არ შევა, ევრო-4-ის სტანდარტის რეგულაციის მიღება შეუძლებელი იქნება. "თუ 2017 წლისთვის შესაძლებელი იქნება ტექნიკური დათვალიერების ამოქმედება, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, ამ დროისთვის ევრო-4-ის სტანდარტის შემოღებაც. თუ ხელისუფლების მხრიდან იქნება მზადყოფნა, რომ რეალურად გატარდეს ის რეფორმები, რაც ნებისმიერ ცივილიზებულ სამყაროშია, ამ სტანდარტებზე გადასვლა სწრაფად მოხდება და ისე, რომ მინიმალური ზიანი მიადგეს მოსახლეობას. სამწუხაროდ, დღევანდელი ხელისუფლების მიერ ამ მიმართულებით ნაბიჯი თითქმის არ იდგმება", - აღნიშნა ვასო ურუშაძემ.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი ამბობს, რომ ვიდრე ქვეყანაში სავალდებულო ტექდათვალიერება ამოქმედდება, აუცილებელია, რომ ავტომობილების იმპორტზე ევრო-4-ის შეზღუდვა დაწესდეს.

"ყველა ქვეყანა იმ გადაწყვეტილებამდე მივიდა, რომ ტრანსპორტის სფეროში რაღაც ახალი სტანდარტი დაეწესებინა. ჩვენმა მეზობელმა აზერბაიჯანმა, რომელიც არც ერთი სავაჭრო ორგნიზაციის წევრი არაა, უკვე შემოიღო ევრო-4. რაც შეეხება უკრაინას, იქ უკვე მომავალი წლიდან იმპორტზე ევრო-5 ამოქმედდება. ეს არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება. ისინი სტანდარტს აწესებენ იმიტომ, რომ მათი ბაზარი გაჯერდა ამორტიზებული, გაუმართავი ავტომობილებით, რამაც იმოქმედა გარემოზე. ჩვენ შემთხვევაში არსებობს ევროდირექტივა, რომელიც სავალდებულო ტექდათვალიერებას ითვალისწინებს. სამწუხაროდ, საქართველოს სატრანსპორტო სექტორს ამ მიმართულებით გეგმა არ გააჩნია და არ ვიცით, რას აპირებს. პირადად მე ვთვლი, რომ სავალდებულო ტექდათვალიერებამდე აუცილებლად უნდა ამოქმედდეს იმპორტზე ევრო-4-ის სტანდარტი. მისი შემოღება ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ბაზარი მეტ-ნაკლებად აღარ გაჯერდება ამორტიზებული მანქანებით. ეს არ იქნება შეტევა აქ მოძრავ ავტომობილებზე, უბრალოდ, დაწესდება შეზღუდვა, რომ აღარ შემოვიდეს და გაივსოს ჩვენი ქვეყანა ვადაგასული ავტომობილებით", - განუცხადა "რეზონანსს" მესხიშვილმა.

მისივე თქმით, თუ სახელმწიფო ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით სწორ გზაზე დგას, ამ სტანდარტის შემოღება აუცილებელია. "სატრანსპორტო სფეროში საქართველოს ძალიან სერიოზული ჩამორჩენა აქვს როგორც მეზობელ, ასევე მეგობარ-პარტნიორ ქვეყნებთან შედარებით. არასამთავრობო ორგანიზაციები ახლა ვმუშაობთ სტრატეგიაზე, თუ როგორ უნდა წავიდეთ წინ დარგში და ამ გეგმას უახლოეს პერიოდში წარვადგენთ", - დასძინა მესხიშვილმა.

ცნობისათვის, ევროპაში ევრო-5-ის სტანდარტი 2009 წლიდან მოქმედებს. მანამდე კი, 1990 წლის დასაწყისში ევროპის თანამეგობრობამ შეიმუშავა სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავდა მანქანის გამონაბოლქვით დაბინძურების ხარისხის მაქსიმუმს. ეს მიდგომა სულ უფრო და უფრო მკაცრდებოდა. მაგალითად, ევრო-1 შეესაბამება 1993 წლამდე გამოშვებულ ავტომობილებს, ევრო-2 - 1996 წლამდე წარმოებულს, ევრო-3 - 2000 წლამდე გამოშვებულს, ევრო-4 - 2005 წლამდე წარმოებულს, ევრო-5 - 2010 წლამდე გამოშვებულს.

ევროსტანდარტების შემუშავების დროს ყურადღება მახვილდებოდა რამდენიმე ფაქტორზე, რათა მუდმივად გაეუმჯობესებინათ ჰაერის ხარისხი. ესენი იყო: ნახშირბადის მონოქსიდის და სხვადასხვა აზოტის ოქსიდების დონის შემცირება. ევროსტანდარტები გათვალისწინებული უნდა იყოს ავტომობილთა მწარმოებელთა მიერ.

რაც შეეხება სტატისტიკას, საქართველოში ავტომობილების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და ერთ მილიონს გადააჭარბა. 2014 წლის მდგომარეობით, მათი რიცხვი 960 000-ს შეადგენდა. გამოდის, რომ ყოველ მეოთხე ადამიანს მანქანა ჰყავს და ერთ ოჯახში მინიმუმ ერთი მანქანა მაინც არის. არსებული მონაცემებით, ავტოპარკის 40% თბილისშია თავმოყრილი. ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა ბოლო 7 წელიწადში ნახევარი მილიონი ავტომობილით არის გაზრდილი. მანქანების რაოდენობა ძველი ავტომობილების ხარჯზე მატულობს. საერთო რაოდენობიდან 380 000 მანქანა 20 წელზე მეტი ხნისაა, ხოლო ახალი, 3 წლამდე ავტომობილის რიცხვი 50 000-ს არ აღემატება.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი”