რომელ ქვეყნებს ირჩევენ ქართველი ტურისტები ეგზოტიკური მოგზაურობისთვის

ყველაზე ძვირი სიამოვნება სანადირო ტურებია

ეგზოტიკურ ქვეყნებში დასვენებასა და ველური ბუნების ნახვაზე ბევრი ადამიანი ოცნებობს. თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ამ ტიპის ტურები საკმაოდ დიდი ფუფუნებაა და ბევრი ვერ ახერხებს აფრიკის ველურ ბუნებაში სანადიროდ წასვლას, ანაც ჰიმალაის დალაშქვრას.

bpn.ge დაინტერესდა ყველაზე გამორჩეული ეგზოტიკური ტურებით, რომლებსაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ადგილობრივი ტურისტული სააგენტოები სთავაზობენ. რა იზიდავს ქართველ ტურისტებს ეგზოტიკურ ქვეყნებში? - ამ შეკითხვას ტურისტული ბიზნესის წარმომადგენელები განსხვავებულად პასუხობენ.

როგორც ტურიზმის ექსპერტი ნიკა ერქომაიშვილი ამბობს, ყველაზე ძვირი სიამოვნება სანადირო ტურებია, ამიტომ ამ ტიპის დასვენებას საქართველოში მხოლოდ ერთეულები ახერხებენ.

"ვიცი რამდენიმე შეძლებული ქართველი, რომელიც სანადიროდაც ყოფილა აფრიკაში, გასაბერი ბუშტითაც უფრენია, საჰარის უდაბნოშიც ყოფილა და ყველაზე მაღალი მთებიც დაულაშქრავს. თუმცა, ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა, რომელსაც მხოლოდ ვიწრო წრე ახერხებს. საქართველოში ასეთი ხალხის რაოდენობა მცირეა, თანაც, ისინი ჩადიან ეგზოტიკურ ქვეყნებში და ძირითადად იქაურ ტურისტულ კომპანიებს მიმართავენ. საქართველოში წელიწადში სულ რამდენიმე ადამიანი თუ ახერხებს ჰიმალაის დალაშქვრას ან ალპებზე ასვლას, რადგან ამას რამდენიმე ათასი დოლარი სჭირდება. თუმცა არის კატეგორია, რომელიც თხილამურებზე სასრიალოდ ალპებში მიდის, მაგრამ ეს მხოლოდ ერთეულთა ხვედრია. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ უცხოელებისთვის საქართველოც ეგზოტიკური ქვეყანაა. მათ აქ ბევრი რამ აინტერესებთ, ზოგს ისტორია და რელიგია, ზოგს არქიტექტურა, ზოგსაც - ველური ბუნება და მთების დალაშქვრა მოსწონს. ყველაზე პოპულარული კი მათთვის მყინვარწვერზე ასვლაა. ეს მთა ტექნიკურად საკმაოდ ადვილი დასალაშქრია და თანაც, ტურისტი 5 ათასი მეტრის სიმაღლეზე ადის. ასე რომ, კავკასიის რეგიონით დაინტერესებულ ადამიანებს ჩვენთანაც ბევრი რამ იზიდავს", - აღნიშნა ნიკა ერქომაიშვილმა.

რომელი ეგზოტიკური ქვეყნებია ქართველ ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარული? - ამის თაობაზე ტურისტული კომპანია Good Travel-ის გაყიდვების მენეჯერს სალომე გორგოძეს ვკითხეთ. მისი თქმით, ეგზოტიკურ ადგილებს შორის ქართველ ტურისტებს ყველაზე მეტად მოსწონთ ტურები ტაილანდში, შრი-ლანკასა და მალდივებზე.

"სამივე ტროპიკულ ზონაში მდებარეობს და ძალიან ბევრ ხალხს იზიდავს იმით, რომ იქ არაჩვეულებრივი ზღვა და ბუნებაა. თუმცა მალდივის კუნძულები უფრო პასიური დასვენების მოყვარულთათვის არის განკუთვნილი და ჩემი დაკვირვებით, უფრო ხშირად საქორწინო მოგზაურობის დროს მიდიან. რაც შეეხება ტაილანდსა და შრი-ლანკას, იქ მარტო ზღვა და ქვიშა არ არის, უამრავი სანახაობაა და მთელი ტურის განმავლობაში ტურისტებს საშუალება აქვთ ამ ქვეყნებში ყველაფერი მოინახულონ. როდესაც ტაილანდში მიდიან, საშუალებას ვაძლევთ მარტო ბანგკოკი კი არა, სხვა ქალაქებიც ნახონ. რაც შეეხება შრი-ლანკას, ეს ყველაზე უფრო დაბალფასიანი კურორტია: შრი-ლანკაში საგზურის მინიმალური ფასი 600 დოლარია, ტაილანდში - 800 დოლარი, ხოლო მალდივის კუნძულებზე - 1200 დოლარი. მალდივის კუნძულებზე საზღვაო სეზონი მთელი წლის განმავლობაშია, რაც შეეხება ტაილანდსა და შრი-ლანკას, ზაფხულში ამ ქვეყნებში წვიმების პერიოდი იწყება და ვცდილობთ ტურისტები ამ დროს არ გავუშვათ, თუმცა ზაფხულის სეზონზე ფასები მნიშვნელოვნად იკლებს. სამაგიეროდ, როცა საქართველოში ზამთარია, იქ არაჩვეულებრივი, თბილი ამინდებია, რაც ჩვენს ტურისტებს ძალიან იზიდავს", - ამბობს სალომე გორგოძე.

მისივე თქმით, შრი-ლანკაში არის უძველესი ქალაქები, კულტურული ძეგლები და ეგზოტიკური ცხოველების ფერმები. "ტურისტები ყოველთვის აღფრთოვანებული ჩამოდიან ამ ქვეყნიდან, რადგან ძალიან მოსწონთ იქაური მომსახურების ხარისხი. სხვათა შორის, იქ საკმაოდ დაბალბიუჯეტიანი კურორტებია, ტურს ავიაბილეთის ფასი აძვირებს, მაგრამ მომსახურე პერსონალი იმდენად თბილი და ყურადღებიანია, რომ ძალიან ბევრ ტურისტს უთქვამს ჩვენთვის - თავს დედოფლად ვგრძნობდითო. რაც შეეხება ტაილანდს, იქაც არაჩვეულებრივი ზღვაა, მაგრამ ტურისტებს ტაილანდის არქიტექტურა და ზღვაში არსებული ბუნებრივი კლდეებიც ძალიან იზიდავს", - აღნიშნავს სალომე გორგოძე.

Good Travel-ის გაყიდვების მენეჯერის თქმით, ტროპიკულ ქვეყნებში ძირითადი რაციონი თევზეული და ზღვის პროდუქტებია. ყველა ამბობს, რომ მათი სამზარეულო ძალიან ჰგავს ქართულ კერძებს, ამიტომ, იქაურ საკვებს თითქმის ყველა ეგუება. გარდა ამისა, შრი-ლანკაში არის სპეციალური ადგილები მეთევზეებისთვის და თუ ტურისტი საჭირო აპარატურას დაიქირავებს, შეუძლია ითევზაოს და მისივე ხელით დაჭერილი თევზი დააგემოვნოს. თუ დამსვენებელი მოისურვებს, შეიძლება ეგზოტიკური საკვები საღამოს პლაჟზეც გამოუტანონ. ერთი სიტყვით, ტროპიკულ ქვეყნებში არაჩვეულებრივი დასვენება შეიძლება. იქ ჩასულები სპეციალურად მიდიან და ნახულობენ კუსა და სპილოს ფერმებს, თუმცა, დამატებითი სერვისები ფასიანია, მაგრამ ძვირი არ არის: მაგალითად, მთელი დღის განმავლობაში შრი-ლანკაში რომ დაიქირაოთ მანქანა თავის გიდთან ერთად, 30-დან 40 დოლარამდე დაგიჯდებათ, რაც მართლა არ არის მაღალი ფასი. ეგზოტიკურ ქვეყნებში ტურისტებს უამრავ სხვადასხვა მომსახურებას და გასართობს სთავაზობენ.

ტურისტული კომპანია ”დისქავერ ჯორჯიას” დირექტორი ნინო კეკელიძეც ამბობს, რომ ეგზოტიკური დასვენების მოყვარულნი საქართველოდან ძირითადად აზიის ქვეყნებში მიდიან.  "ასეთი ტენდენცია წამოვიდა - ჩვენი ტურისტები ძირითადად აზიის ქვეყნებში მიდიან: შრი-ლანკა, მალაიზია, ტაილანდი - ეს ის ადგილებია, რომლებიც სტუმრებს ფლორისა და ფაუნის მრავალფეროვნებით იზიდავს, თუმცა, ყველაზე მეტი დამსვენებელი მაინც ეგვიპტეში, თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მიდის. ქართველი ტურისტები უფრო კულტურულ-შემეცნებითი ხასიათის ტურებს ირჩევენ. ტრადიციები, კულტურა, ისტორია - უმეტესობას ეს აინტერესებს. მე არ მქონია შემთხვევა, რომ რომელიმე ტურისტი ეგზოტიკურ ქვეყანაში გველისა და ხვლიკის კერძის დასაგემოვნებლად, ან ნიანგების ფერმის სანახავად წასულიყოს. კულინარიისა და იქაური ფლორის, ან ფაუნის გაცნობა ადგილზევე შეიძლება და იქ წყვეტენ, რა ნახონ და რა - არა. ეგვიპტეში მაგალითად, არის სოფელი, სადაც ბედუინები ცხოვრობენ და ბევრი ტურისტი მიდის ამ სოფლის სანახავად. ეგზოტიკურ ქვეყნებში ჩვეულებრივი ამბავია კატამარანით ზღვაში გასეირნება, მერე კი, სპეციალური სათვალით ზღვაში ჩაყვინთვა და წყალქვეშა სამყაროს დათვალიერება, აქლემებით სეირნობა და ა.შ. ეგზოტიკურ ქვეყნებში ჩასულ ტურისტებს ათასგვარი სერვისი და სანახაობა ხვდებათ, ამიტომ იქ მომხმარებელი თავად წყვეტს, რომელი პაკეტი აირჩიოს და როგორ დაისვენოს", - აღნიშნა ნინო კეკელიძემ.

ხათუნა ჩიგოგიძე