მიმდინარე წელს დაზღვეულია 8 531 ჰა ვაზი - სულ რამდენი მევენახეა დაზღვეული 2014-2023 წლებში

კახეთის რეგიონში გასულ კვირას მოსული უხვი ნალექისა და სეტყვის შედეგად განადგურდა ვენახები, ბაღები, ბოსტნები, მოსავლის გარეშეა დარჩენილი ფერმერების გარკვეული ნაწილი.

„ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა, ვაზის კულტურის მიმართულებით, რამდენ ფერმერს აქვს აგროდაზღვევა.

სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, „აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში 2014-2023 წლებში 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ვაზის კულტურის მიმართულებით 20,607 უნიკალურ დამზღვევზე/ბენეფიციარზე სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემულია 66 690 პოლისი.

დაზღვეული ფართი შეადგენს 52,871 ჰა-ს. ჯამურმა სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 48 610 475 ლარი, ხოლო ხელშეკრულებით განსაზღვრული სააგენტოს თანადაფინანსებაა (სააგენტოს პრემიის წილი) 28 842 323 ლარი.

2022 წლის 1-ლი იანვრიდან 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით „აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში ვაზის კულტურის მიმართულებით დაზღვეულია 7,501 ჰა მიწის ფართობი, რაც შეეხება მიმდინარე წლის მონაცემებს, იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით კი დაზღვეულია 8,531 ჰა ვაზი. (დაზღვეული ფართობის ზრდამ შეადგინა 14%.)

ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის აპრილამდე სახელმწიფო მევენახეების დაზღვევას 50% ასუბსიდირებდა, აპრილის შემდეგ კი, თანადაფინანსების წილი 70%-ით გაიზარდა.

თამარ მუკბანიანი