ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის ლევან ზოიძის განცხადებით, ქობულეთში სტიქიის შედეგად სამი სახლია დატბორილი, რომელთა მცხოვრებლებიც უსაფრთხო ადგილასაა გაყვანილი.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ძლიერმა წვიმამ ძირითადად, ბაზრის ტერიტორია დატბორა და გზის ნაწილი ჩახერგა.
„იცით, რომ გუშინ ქობულეთში ძლიერი წვიმა მოვიდა. წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა ადიდდა და გადმოვიდა კალაპოტიდან, დაიტბორა ბაზრის მიმდებარე ტერიტორია. ამ ეტაპისთვის, ყველა სამსახური მუშაობს, რა თქმა უნდა, ზიანი დაითვლება და ჩვენ მოსახლეობას გვერდით დავუდგებით. ასევე, რამდენიმე მიმართულებით განვითარდა მეწყერი. მოსახლეობა უსაფრთხო ადგილასაა გაყვანილი. დღის ბოლომდე სრულიად აღდგება მოძრაობა სხვადასხვა მიმართულებით. ტექნიკა მუშაობს. გზების 60-80% არის გახსნილი. ახლა შიდა, საუბნო გზებს ვხსნით. ამ ეტაპისთვის, 3 სახლი დატბორილი და შესაბამისად, სამი ოჯახია გაყვანილი უსაფრთხო ადგილას“, - განაცხადა ლევან ზოიძემ.