თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თემურ ხომერიკი გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თემურ ხომერიკი მისი გათავისუფლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

თემურ ხომერიკი დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე იმყოფებოდა. მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მორიგი დეზინფორმაციაა.

მისივე განმარტებით, აღნიშნული მედიასაშუალება ეკუთვნის სადაზღვევო კომპანია "არდის" დირექტორს არმაზ თავაძეს, რომელიც, "სამწუხაროდ, მისი მეგობარია".

თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის ცნობით, როდესაც თავად სახელმწიფო შესყიდვების თავმჯდომარე იყო, არმაზ თავაძე ანტიმონოპოლიურ სამსახურს ხელმძღვანელობდა. "მაგრამ ჩემგან განსხვავებით, მან შეძლო დაეარსებინა საკუთარი საინფორმაციო საშუალება, მე ამდენი ვერ მოვაგროვე ჩემი ხელფასით. ჩვენ "არდის" მიმართ სერიოზული პრეტენზიები გვაქვს, რადგან მეექვსე თვეა, ვერ მივიღეთ ის თანხები, რომელზეც მან გასცა გარანტია და მთელ რიგ კომპანიებს ფონდის კუთვნილი 17 მილიონი ედო ანგარიშზე იმ დროს, როცა "17 კაპიკს" ვეძებდით. 609 ლარით დავიწყე მუშაობა აგვისტოს თვეში. ამდენი ხანია, ვეძებთ ამ თანხებს და როცა აღარ დაადგა საშველი, ჩვენ ახლა მივმართეთ ზედამხედველობას, რომ გააუქმონ ლიცენზია, მისი ქონება ოფიციალურად გაყიდონ და გადმოგვცენ, თუ არ აქვს საშუალება ამ კომპანიას, რომ ჩვენ გაგვისტუმროს ჩვენი ვალი. ამჟამად საუბარია 9 მილიონ ნახევარზე", - აღნიშნა თემურ ხომერიკმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, აქვს თუ არა მას დაპირისპირება ქალაქის ვიცე-მერ დიმიტრი ქუმსიშვილთან, ხომერიკმა უპასუხა, რომ პირიქით, იგი მიესალმება, რომ დიმიტრი ქუმსიშვილი ოფიციალურად დამტკიცდა თბილისის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარედ. ხომერიკმა აღნიშნა, რომ მასთან საუცხოო ურთიერთობა აქვს.