კუბასა და აშშ-ს შორის პირდაპირი საზღვაო რეისი ამოქმედდება

კუბასა და აშშ-ს შორის პირველად, ბოლო 55 წლის განმავლობაში, პირდაპირი საზღვაო რეისი ამოქმედდება. ამერიკული მედიის ცნობით, სამგზავრო ბორანი ფლორიდიდან კუბის მიმართულებით შეასრულებს რეისებს. მსგავსი სერვისი ორ ქვეყანას შორის 1960 წელს მას შემდეგ შეწყდა, რაც აშშ-მ კუბას ემბარგო დაუწესა.

ვაშინგტონმა ოფიციალურ ჰავანასთან დიპლომატიური კავშირების აღდგენის გადაწყვეტილება გასული წლის დეკემბერში მიიღო. აშშ-ის მთავრობამ გააუქმა გარკვეული აკრძალვები და ზოგიერთ საბორნე კომპანიებს კუბის მიმართულებით რეისების განხორციელების ლიცენზიები მიანიჭა. სამგზავრო ბორნების გარდა, აღდგება სატვირთო ბორნების მიმოსვლაც. ამას გარდა, ნიუ-იორკიდან პირველი ჩარტერული რეისებიც განხორციელდება.