„ბუნდოვანია მეთოდოლოგია, რომლითაც სადაზღვევო კომპანია ზარალს ითვლის - სადაზღვევო პაკეტი იმ მომენტიდან ერთვება, როდესაც სეტყვის მოსვლის შანსები დაბალია,“ - ასე უპასუხა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ მევენახე ლაშა ხიზანიშვილმა კითხვას, თუ რატომ არ არის მევენახეების მხრიდან სადაზღვევო სქემებით დაინტერესება უფრო მაღალი.
შეგახსენებთ, რომ გასულ დღეებში კახეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექისა და სეტყვის შედეგად განადგურდა ვენახები, ბაღები, ბოსტნები, მოსავლის გარეშეა დარჩენილი ფერმერების გარკვეული ნაწილი.
სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, „აგროდაზღვევის პროგრამის“ ფარგლებში 2014 წლიდან 2023 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, ვაზის კულტურის მიმართულებით 20 607 უნიკალურ დამზღვევზე/ბენეფიციარზე სადაზღვევო კომპანიების მიერ გაცემულია 66 690 პოლისი. დაზღვეული ფართი კი შეადგენს 52,871 ჰა-ს.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის აპრილამდე სახელმწიფო მევენახეების დაზღვევას 50%-ით ასუბსიდირებდა, აპრილის შემდეგ კი, თანადაფინანსების წილი 70%-მდე გაიზარდა.
„სადაზღვევო პაკეტების დიდი ნაწილი რომელიც არის შემოთავაზებული სხვადასხვა კომპანიების მხრიდან, მხოლოდ მას შემდეგ აქტიურდება, რაც ყურძენი ჩამოყალიბდება და ფორმირებულია მტევანი. სტატისტიკურად ჩვენთან სეტყვა მოდის უფრო გაზაფხულიდან ზაფხულის შუა პერიოდამდე, ეს კომპანიებსაც კარგად აქვთ გააზრებული და სადაზღვევო პაკეტი იმ მომენტიდან ერთვება, როდესაც სეტყვის მოსვლის შანსები დაბალია. გარდა ამისა, კიდევ ერთი პრობლემაა ის მეთოდოლოგია, რომლითაც ითვლის სადაზღვევო კომპანია იმ ზარალს, რაც ფერმერს მიადგა. ეს საკმაოდ ბუნდოვანია, არ არის კონკრეტული პარამეტრები. ამასთან, შესაძლოა ინფორმირების პრობლემაც არის - სახელმწიფომ უფრო მეტად უნდა მიაქციოს ყურადღება, ითანამშრომლოს სადაზღვევო კომპანიებთან, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს მოსახლეობას, რათა ამ შესაძლებლობით ისარგებლონ. გვაქვს შესაძლებლობა სახელმწიფოს თანამონაწილეობითაც დავაზღვიოთ ვენახები, თუმცა, ვფიქრობ, ის სტატისტიკა, რომ არსებულ სადაზღვევო პაკეტებს ძალიან ცოტა მომხმარებელი ყავს, სიგნალი უნდა იყოს სახელმწიფოსთვის, რომ შემოთავაზებულ სადაზღვევო სქემებს რაღაც პრობლემა აქვს და უნდა დაიწყოს კომპანიებთან აქტიური თანამშრომლობა, რომ ფერმერებს მაქსიმალურად ხელი შეუწყონ საქმიანობაში,“- განაცხადა ხიზანიშვილმა.