ისრაელიდან ინვესტორები ქართული ბაზრით დაინტერესდნენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ებრაელ ბიზნესმენთა დელეგაცია ესტუმრა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, სტუმრები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს ეკა სეფაშვილს შეხვდნენ.  შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. სტუმრები ქვეყანაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებით დაინტერესდნენ. მინისტრის მოადგილემ ებრაელ ინვესტორებს სამინისტროს ძირითადი მიმართულებები გააცნო, ასევე უკვე განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

ებრაულმა მხარემ ქართულ ბაზარზე შემოსვლის სურვილი და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩართვის ინტერესი გამოთქვა. სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებმა გარე განათების სისტემების, გზების მოვლა-პატრონობისა და მშენებლობის სფეროში საკუთარ გამოცდილებაზეც ისაუბრეს. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.