ვიწრო ტროტუარებზე ავტომობილების პარკირების შეზღუდვა გრძელდება

თბილისში, ვიწრო ტროტუარებზე ავტომობილების პარკირება ეტაპობრივად იზღუდება.

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე "სითი პარკთან" დაკავშირებულ ერთ-ერთ თემაზე, ტროტუარებზე პარკირების საკითხზე ისაუბრა.

"ვინაიდან საზოგადოების მხრიდან არსებობდა მაღალი ინტერესი იმის თაობაზე, რომ ტროტუარებზე პარკირება ეტაპობრივად შეგვეზღუდა, ჩემი დავალებით, ჯერ კიდევ სამი თვის წინ დავიწყეთ ტროტუარებზე არსებული მდგომარეობის შესწავლა. სადაც არის ძალიან ვიწრო ტროტუარი, მანქანის პარკირება და ქვეით მოსიარულეთა გადაადგილება ერთდროულად შეუძლებელია, ჩვენ ეტაპობრივად ვზღუდავთ ავტომანქანების პარკირებას. დღესაც ვამტკიცებთ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას, რომლის საფუძველზეც 50 ადგილი ვიწრო ტროტუარებზე პარკირებისა უნდა მოიხსნას. სამაგიეროდ, იმისათვის, რომ მძღოლებს დისკომფორტი არ შეექმნათ, აქტიურად ვმუშაობთ მრავალსართულიანი პარკინგების მშენებლობასთან დაკავშირებით", - განაცხადა დავით ნარმანიამ.