„ჩვენ შეგვიძლია ყოველწლიურად 5 მლრდ ლარით გავზარდოთ ჩვენი ბიუჯეტი“ - რა პოტენციალი აქვს საქართველოს ჰიდრორესურსების მიმართულებით

„ჩვენ შეგვიძლია ყოველწლიურად 5 მლრდ ლარით გავზარდოთ ჩვენი ბიუჯეტი და მოვახმაროთ ჯარს, ჯანდაცვას, განათლებას და ა.შ. ეს რესურსი აუცილებლად გამოსაყენებელია და ძალიან სწრაფად უნდა ვიაროთ იმიტომ, რომ დრო არ გვაქვს“,- ამის შესახებ მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მარგებაძემ გადაცემაში „ბიზნესპალიტრა“ ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ცნობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის ბოლომდე 7 ჰესის მშენებლობა უნდა დასრულდეს.

„ჩვენ ვხედავთ როგორი მოთხოვნაა ელექტროენერგიაზე, იგივე, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. ფასის ზრდასთან მიმართებით ვგულისხმობ. თურქეთში ფაქტობრივად გასამმაგდა ფასი იმიტომ, რომ მოთხოვნა გაჩნდა. ჩვენ საექსპორტო პოტენციალიც ძალიან დიდი გვაქვს ჰიდრორესურსების მიმართულებით. შეგვიძლია დაახლოებით, 50 მლრდ კლვტ/სთ-ის გამომუშავება. ეს რომ პირობითად, 10-წლიან გრაფიკში გავწეროთ, დაახლოებით 25 მლრდ კლვტ/სთ-მდე იქნება ჩვენი მოხმარება და 25 იქნება საექსპორტო. საექსპორტო მოცულობა თანხებში რომ გადავიყვანოთ, დღევანდელი ტარიფით, დაახლოებით, 8 მლრდ დოლარის შემოსავალია ჩვენს ქვეყანაში. იქიდან საშემოსავლოები და სხვა გადასახადები, რაც უნდა გადავიხადოთ რომ გამოვაკლოთ, ჯამში 2 მლრდ დოლარი იქნება. წარმოიდგინეთ, 2 მლრდ დოლარი, ლარებში არის 5 მლრდ ლარი, ფაქტობრივად 30% არის ჩვენი ბიუჯეტის. ამიტომ, ჩვენ შეგვიძლია ყოველწლიურად 5 მლრდ ლარით გავზარდოთ ჩვენი ბიუჯეტი და მოვახმაროთ ჯარს, ჯანდაცვას განათლებას და ა.შ. ეს რესურსი აუცილებლად გამოსაყენებელია და ძალიან სწრაფად უნდა ვიაროთ იმიტომ, რომ დრო არ გვაქვს. იგივე აზერბაიჯანში ვხედავთ როგორ აქტიურად დაიწყეს განახლებად ენერგიებზე მუშაობა, მათ იმდენი მდინარე არ აქვთ რამდენიც ჩვენ, მაგრამ კასპიის ზღვაში აპირებენ ქარის რესურსების განვითარებას. ჩვენც არ უნდა ჩამოვრჩეთ“,- განაცხადა გიორგი მარგებაძემ.

ნინი ქეთელაური