ფინანსთა სამინისტრო ლარის კურსის საკითხზე საპარლამენტო კომისიის შექმნის შემთხვევაში მასთან ითანამშრომლებს

ლარის კურსის გაუფასურების საკითხზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის ჩამოყალიბების შემთხვევაში ფინანსთა სამინისტრო მასთან თანამშრომლობისთვის მზად არის.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საგამოძიებო კომისიის შექმნა კომისიის გადასაწყვეტი საკითხია და თუ ასეთი კომისია შეიქმნება და კითხვები ფინანსთა სამინისტროს მისამართით გაჩნდება, უწყება მზად არის მასთან სათანამშრომლოდ. "ფინანსთა სამინისტროსთან მიმართებით, ცალსახად შემიძლია განვაცხადო, რომ ბიუჯეტს უარყოფითი გავლენა ლარის კურსზე არ მოუხდენია. ლარის კურსთან მიმართებით არის რამდენიმე პრობლემა. მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს დოლარის გამყარება, ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია რეგიონის მასშტაბით შექმნილი რთული პოლიტიკური მდგომარეობა. ეს ყველაფერი იწვევს სავალუტო შემოდინებების შემცირებას და აისახება ლარის კურსზე", - აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

ცნობისთვის: პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი თამაზ მეჭიაური ლარის გაუფასურების თემაზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას არ გამორიცხავს. როგორც მეჭიაური აცხადებს, ასეთი კომისიის შექმნა პარლამენტის დღის წესრიგში შესაძლოა იმ განხილვების შემდეგ დადგეს, რაც შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებს, მათ შორის, ეროვნულ ბანკს მოუსმენენ.