საქართველოში სტატისტიკის სისტემის გლობალური შეფასება მიმდინარეობს

საქართველოში სტატისტიკის სისტემის ძირეული შეფასება მიმდინარეობს, რომელიც ევროსტატის, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ორგანიზებით ტარდება.

როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ მიზნით, „საქსტატში“ მიმდინარე კვირის განმავლობაში, საერთაშორისო ექსპერტები იმყოფებიან. მისიის შემადგენლობაში შედიან, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროსტატი, UNECE, EFTA) ისე ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების წარმომადგენლები.

„მისიის მიზანს წარმოადგენს საქართველოს სტატისტიკის სისტემის სიღრმისეული შეფასება, ევროპული სტანდარტებისადმი შესაბამისობის დონის განსაზღვრა, სისტემაში არსებული ნაკლოვანებების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. შეფასების მისიის ფარგლებში გაიმართება სამუშაო შეხვედრები, როგორც ოფიციალური სტატისტიკის მწარმოებლებთან, ისე სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებთან, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან. საქართველოს სტატისტიკის სისტემის გლობალური შეფასება 2023 წლის ივნისში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება. შეფასების პირველი ეტაპი ითვალისწინებდა საქსტატის მიერ თვითშეფასების კითხვარის შევსებას, ექსპერტების მიერ მის განხილვას და გაანალიზებას მისიის დროს. ვიზიტის დასრულებისას მისია შეფასების ანგარიშის შუალედურ ვერსიას მოამზადებს, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი ის რეკომენდაციები, რომელთა შესრულება ხელს შეუწყობს ქვეყნის სტატისტიკური სისტემის შემდგომ განვითარებასა და ევროპულ სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას. შეფასების საბოლოო ანგარიშში, წარმოდგენილი რეკომენდაციები გახდება სტატისტიკის სისტემის 2024-2027 წლების სტრატეგიის შემუშავების საფუძველი, რომლის შემუშავებაც მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი.

შეფასების საბოლოო ანგარიში განთავსდება საქსტატის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი მომხმარებლისთვის. შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის სისტემის წინა გლობალური შეფასება 2018-2019 წლებში ჩატარდა და დღეის მდგომარეობით რეკომენდაციების აბსოლუტური უმრავლესობა შესრულებულია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.