თურქეთი რუსი პროგრამისტების შედინების შემდეგ კიბერდანაშაულის ზრდას განიცდის. ინფორმაციას Financial Times (FT) თურქეთის პოლიციის წყაროებსა და ინფორმაციული უსაფრთხოების ექსპერტებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსი პროგრამისტები თურქეთში გასულ წელს გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ გადავიდნენ მასიურად. ზოგიერთი მათგანი, წყაროს ცნობით, ონლაინ თაღლითობაში ჩაერთო და ადგილობრივ ჰაკერებთან გაერთიანდა, რომ არ გამოვლენილიყო, ასევე, შემოსავალი გაეთეთრებინა და მოპარული მონაცემები ევროპულ ბაზარზე გაეყიდა.
ორმა თურქმა პოლიციელმა FT-ს ანონიმურობის პირობით განუცხადა, რომ რუსი კიბერკრიმინალები შენიღბვის დახვეწილ ტექნიკას იყენებენ და ცდილობენ, თურქებს არ შეუტიონ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღება არ მიიპყრონ. ამის მიუხედავად, კიბერდანაშაულის ზრდამ პოლიცია აიძულა, გამოძიება დაეწყო. FT-ის თანამოსაუბრეების თქმით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩამოყალიბებულმა რუსულ-თურქულმა ჯგუფებმა რუსეთისა და ბელარუსის ცნობილი ჰაკერული ჯგუფების მონოპოლიის შელახვა დაიწყეს.
კიბერუსაფრთხოების თურქმა სპეციალისტმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა, FT-ს განუცხადა, რომ შეუერთდა Telegram-ის ერთ-ერთ ჯგუფს, სადაც რუსი და თურქი კიბერკრიმინალები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ და მოპარული ინფორმაციით ვაჭრობენ. ის რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდა, თუ როგორ ამზადებდნენ რუსები თურქ კოლეგებს დიდი რაოდენობით მონაცემების შეგროვებაში, თურქები კი, დასავლეთ ევროპაში კონტაქტების მეშვეობით, მომგებიან გარიგებებს უზრუნველყოფდნენ.
ზოგიერთ სხვა ჩატში ჰაკერები მოპარული კრიპტოვალუტის თურქულ ლირაში კონვერტაციის გზებსა და თურქეთის მოქალაქეობის მისაღებად უძრავი ქონების შეძენის ვარიანტებსაც განიხილავდნენ.
Auren Cyber Israel-ის ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტ ოშერ ასორმა გამოცემას გაუზიარა ერთ-ერთ თურქ ჰაკერთან მიმოწერის სკრინშოტი, რომლის მიხედვითაც, Telegram-ზე ასობით სპეციალიზებული ჯგუფი ახლად შეგროვებულ მონაცემებს ყიდის, რომლის მიღებაც კვირაში 50 დოლარად არის შესაძლებელი. ამ მონაცემების უნიკალურობა ის არის, რომ ისინი „უახლესია და ბოლო რამდენიმე საათში არის მოპარული.“
მოამზადა ლადო სულაბერიძემ