სტეფანია ბოლი: თბილისმა ვერ შემოგვთავაზა საკონფერენციო სივრცე, თუმცა ვამაყობთ, რომ ინოვაციური კამპუსი შევქმენით

მოდუნების დრო არ გვაქვს, ვინაიდან EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი წარმატებულად უნდა ჩავატაროთ, - ამის შესახებ EBRD-ის მხრიდან საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა სტეფანია გაბრიელა ბოლიმ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

"იმედია, ამ ღონისძიებას დიდი წარმატებით დავასრულებთ. ჩვენთვის საქართველოში ჩამოსვლა თავიდანვე საკმაოდ გამორჩეული გამოცდილება იყო. დაახლოებით 2 წლის წინ გვთხოვეს პირველად, ჩამოვსულიყავით საქართველოში და შეგვეფასებინა EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის, ამ დიდი ღონისძიების აქ ჩატარების შესაძლებლობა. დასაწყისში თითქმის ყველა შენობა ვნახეთ, რომელიც არსებობს რუსთაველის გამზირზე. ერთადერთი შენობა, რომელიც იმ ვიზიტის დროს ვერ ვნახეთ, პარლამენტის შენობა იყო. დასაწყისისთვის სხვა ალტერნატივები იყო განხილული, მათ შორის "ექსპო ჯორჯია" განიხილებოდა მთავარ ადგილად. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მინისტრს, რომ შემოგვთავაზეს ალტერნატივა ღონისძიების პარლამენტში ჩატარებასთან დაკავშირებით. ძალიან მნიშვნელოვანია ბოლო ორი ღონისიძიების შემთხვევაში, რაც მახსენდება, ვარშავაში და სტამბულში, ძირითადად ვიყენებდით საკონფერენციო სივრცეს. თბილისმა რეალურად ვერ შემოგვთავაზა საკონფერენციო სივრცე, თუმცა ძალიან ვამაყობთ იმით, რომ შევძელით ინოვაციური, განსხვავებული ტიპის საკონფერენციო კამპუსი შეგვექმნა თბილისის ისტორიულ ნაწილში", - განაცხადა სტეფანია გაბრიელა ბოლიმ.

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრაზე და ბიზნესფორუმზე დასასწრებად დელეგაციები საქართველოში 10 მაისიდან ჩამოდიან.