ფინეთის პარლამენტის რესტორნებმა Pepsi-ს გაყიდვა იმის გამო შეწყვიტეს, რომ კომპანია რუსეთში მუშაობას კვლავ განაგრძობს. ინფორმაციას ფინური მაუწყებელი, Yle ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, PepsiCo-ს პროდუქცია პარლამენტის შენობაში აღარ იყიდება. ეს გადაწყვეტილება ცენტრისტი დეპუტატის, თომას კეტუნენის საჩივარს მოჰყვა, რომელმაც პარლამენტს მოუწოდა, „სისხლიანი Pepsi-ს“ გაყიდვის შეჩერებით „მაგალითი ეჩვენებინა.“
1 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ კორპორაცია, PepsiCo ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა, რადგან კომპანია რუსეთში კვლავ მუშაობს და ფედერაციის ბიუჯეტში მნიშვნელოვან გადასახადებს იხდის.
PepsiCo გამაგრილებელ სასმელებს, წვენებს, ჩიფსებს, სნეკებს, რძისა და სხვა საკვებ პროდუქტებს აწარმოებს ბრენდებით, Chester's, Chipsy, Lay's, Mirinda, Pasta Roni, Pepsi, Propel, Sandora, 7up, Simba, Snack a Jacks, Sonric's, Tropicana, „აგუშა,” „ჩუდო,“ „სლავიანოჩკა,” „სადოჩოკი,” „სანდორიკი,” „მაშენკა" და სხვ.
PepsiCo რუსეთში სასმელებისა და კვების მრეწველობაში სუფთა მოგებით სიდიდით მეოთხე კომპანიაა. უკრაინის ომის პირველ წელს PepsiCo-ს შემოსავალი, 2021 წელთან შედარებით, 333%-ით, 525 მლნ დოლარამდე გაიზარდა. რუსეთის ბიუჯეტში გადასახადების სახით კომპანიამ 115 მლნ დოლარზე მეტი გადაიხადა.
2022 წლის მარტში PepsiCo-მ რუსეთში სარეკლამო საქმიანობისა და სასმელების წარმოების შეწყვეტა გამოაცხადა. თუმცა 2022 წლის აგვისტოში სასმელების, 7UP-ისა და Mirinda-ს წარმოება Evervess-ისა და Frustyle-ის ბრენდებით განაახლა, ხოლო მიმდინარე წლის მარტში Evervess-ისა და Lyubimy-ის ბრენდებით Pepsi-ის წარმოებაც დაიწყო.
ამასთან, PepsiCo-მ რუსეთში წინა პროდუქტების ჩასანაცვლებლად ლიმონათის ახალი ბრენდი, „როსისკი პოდაროკი“ გამოუშვა. კომპანია, ასევე, ჩიფსების, სნეკების, რძის პროდუქტების წარმოებასა და დისტრიბუციას განაგრძობს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ