რაში რამდენს ხარჯავენ საქართველოში მოგზაურობისას ადგილობრივი ვიზიტორები

2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 289 600-ით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 600 200 ერთეული შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე მონაცემებით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 13.8 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 24.9 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

საქსტატის მონაცემებითვე, 2023 წლის მეორე კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 233.3 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 11.8 პროცენტით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი შემცირდა 10.5 პროცენტით და 145.8 ლარს გაუტოლდა.

15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების განაწილება ხარჯების კატეგორიების მიხედვით 2023 წლის მე-2 კვარტალში:

  • საყიდლები - 81.8 მლნ ლარი;
  • საკვები და სასმელი - 57.1 მლნ ლარი;
  • ტრანსპორტი - 50.5 მლნ ლარი;
  • განთავსება - 6.5 მლნ ლარი;
  • გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები - 1.2 მლნ ლარი;
  • სხვა - 36.2 მლნ ლარი.

თაია არდოტელი