ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი კომპანიის BP-ის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა - მიზეზები

მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი კომპანიის, ბრიტანული BP-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ბერნარდ ლუნიმ თანამდებობა დატოვა - მას შემდეგ, რაც კოლეგებთან პირად ურთიერთობებზე დეტალების გამჟღავნებისგან თავი შეიკავა. ახალი ამბის გავრცელების შემდგომ ნიუ-იორკში კომპანიის აქციები 1.5%-ით დაეცა.

კომპანიის განცხადებით, აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას დროებით მთავარი ფინანსური ოფიცერი, მიურეი ოჩინკოლსი შეასრულებს.

ლუნის მოულოდნელი გადადგომა თანამშრომლებთან პირადი ურთიერთობების შესახებ ახლახან გამჟღავნებულ ამბავს მოჰყვა, რომლის საფუძველზეც კომპანიამ მოკვლევა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ საკითხზე მოკვლევა კომპანიამ პირველად 2022 წლის მაისში, ანონიმური საჩივრის საფუძველზე დაიწყო. მაშინ ლუნიმ საბჭოსთან დაადასტურა ინფორმაცია, თუმცა განმარტა, რომ კოლეგებთან ურთიერთობები აღმასრულებელი დირექტორის პოზიციის დაკავებამდე ჰქონდა. საქმის განახლების შემდეგ კი გაირკვა, რომ ლუნის საბჭოსთვის სრული ინფორმაცია არ მიუწოდებია.

„ბერნარდ ლუნიმ აცნობა კომპანიას, რომ წინა შემთხვევაში არ იყო სრულად გულწრფელი ინფორმაციის გამჟღავნების დროს. იგი აღიარებს, რომ ვალდებული იყო, თუმცა მას საბჭოსთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია ყველა ურთიერთობის შესახებ“, - აცხადებენ კომპანიაში.

ბრენდან ლუნის გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე, ლონდონში ბაზირებულმა კომპანიამ აქციონერებზე გასაცემი დივიდენდის მოცულობა 10%-ით გაზარდა და $1.5 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვა დააანონსა. დღეს, BP-ის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე £5.18-ად ივაჭრება, ხოლო კომპანიის საბაზო კაპიტალიზაცია £89 მილიარდს აღემატება.

რაც შეეხება თავად ბერნარდ ლუნის, BP-ს გუნდის წევრი 1991 წლიდანაა, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია კი, 2020 წელს დაიკავა.

თამარ მუკბანიანი