პროდუქტები, რომელიც წელს ვიყიდეთ და გავყიდეთ ჩინეთში

მიმდინარე წლის 11 სექტემბრიდან, ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმი ამოქმედდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი რეგულაციის თანახმად, ჩინეთის მოქალაქეები და ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირები, საქართველოში უვიზოდ შემოსვლას და ქვეყნის ტერიტორიაზე 30 დღის მანძილზე ყოფნას შეძლებენ.

მანამდე, ივლისში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ გახდა ცნობილი. პრემიერის თქმით, ეს საქართველოსთვის ეკონომიკური სარგებლის მომტანი იქნება.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რით ვაჭრობს საქართველო ჩინეთთან.

წელს 7 თვეში საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 944,325 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან 242,836 მლნ აშშ დოლარი ექსპორტზე, ხოლო 701,489 მლნ აშშ დოლარი იმპორტზე მოდის.

რაც შეეხება ჩინეთში კონკრეტულად რეექსპორტის მაჩვენებელს 25,351 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გთავაზობთ იმ პროდუქტების ჩამონათვალს, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით ვიყიდეთ და გავყიდეთ წელს ჩინეთში.

ტოპ-5 ექსპორტირებული პროდუქტი:

  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 171,740 მლნ აშშ დოლარი
  • მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონების - 30,818 მლნ აშშ დოლარი
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 17,900 მლნ აშშ დოლარი
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 7,331 მლნ აშშ დოლარი
  • კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 3,594 მლნ აშშ დოლარი

ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:

  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 43,745 მლნ აშშ დოლარი
  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი - 27,915 მლნ აშშ დოლარი
  • მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის - 27,798 მლნ აშშ დოლარი
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 20,849 მლნ აშშ დოლარი
  • პოლიაცეტალები, პოლიეთერები მარტივი სხვა და ფისები ეპოქსიდისა პირველადი ფორმებით - 12,977 მლნ აშშ დოლარი

ტოპ-5 რეექსპორტირებული საქონელი:

  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 17,900 მლნ აშშ დოლარი
  • სამარჯვები ორთოპედიული; სხეულის ხელოვნური ნაწილები - 2,696 მლნ აშშ დოლარი
  • მსუბუქი ავტომობილები - 1,489 მლნ აშშ დოლარი
  • რეაგენტები დიაგნოსტიკური ან ლაბორატორიული - 562.4 ათასი აშშ დოლარი
  • ფარმაცევტული პროდუქცია - 473.4 ათასი აშშ დოლარი
ნინი ქეთელაური