ჩვენთან კონსულტაციები არ ყოფილა, სექტემბრის ბოლოს ველოდებით შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლებთან - „დიდუბის ავტოსადგური“

ავტოსადგურის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრას ელიან. შეხვედრის მთავარი მიზანი სექტორში დაგეგმილი ცვლილებებია.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისში მთავრობა ავტოსადგურის სერტიფიცირების, მგზავრთა გადაყვანის სფეროში ახალი სახის ნებართვების შემოღების ინიციატივით გამოვიდა და ამ მიმართულებით პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტის მიღება შესთავაზა.

როგორც „დიდუბის ავტოსადგურის“ დამფუძნებელმა ნესტორ მიქატაძემ „ბიზნესპრესნიუსთან" განაცხადა, ამ თემაზე მათთან ჯერ კონსულტაციები არ ყოფილა, თუმცა სექტემბრის ბოლომდე ელიან შეხვედრას ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან, სადაც გააცნობენ სექტორში დაგეგმილ ცვლილებებს.

მისივე თქმით, კანონიერად არსებული ავტოსადგურები წლებია დარგის მოწესრიგებას ითხოვენ.

„წლებია ვამბობ, რომ ეს სფერო მოსაწესრიგებელია და წლებია ეკონომიკის სამინისტროს ვწერ წერილებს კონკრეტული პრობლემების მოგვარებისათვის. დიდუბის ავტოსადგური მზად არის ახალი რეგულაციების მისაღებად. ჩვენთან ჯერ შეხვედრა და კონსულტაციები არ ყოფილა, გვეუბნებიან მალეო - ბოლო ვადა სექტემბრის ბოლო გვითხრეს, როცა შეგხვდებიან და გავეცნობით იმ ცვლილებებს, რაც დაგეგმილია დარგის მოწესრიგებისთვის.

კარგი იქნება თუ დარეგულირდება უკანონო მგზავრთგადაყვანაც, რაც სექტორისთვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ მუდმივად გვიწევს არასამართლიანი კონკურენციის პირობებში მუშაობა და კონკურენციის გაწევა იმ მძღოლებისთვის, რომლებიც სახელმწიფოს გადასახადს არ უხდიან,“ - აღნიშნა მიქატაძემ.

თაია არდოტელი