„აფხაზეთში საწვავის ბაზარზე არსებული ვითარება რთულია,“ - დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტრო

აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტრო საწვავის ბაზარზე არსებულ ვითარებას რთულად, თუმცა არაკრიზისულად აფასებს.

უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, გაზაფხულის დადგომიდან აფხაზეთში ბენზინი 20 რუბლზე (0,20 დოლარზე) მეტად გაძვირდა, რის შედეგადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება გაიზარდა.

დე ფაქტო სამინისტროს შეფასებით, საწვავის ღირებულებაზე გავლენა იქონია როგორც რუსეთში, ასევე, ექსპორტზე ნავთობპროდუქტების გასაყიდი საფონდო ინდექსების ზრდამ. აფხაზეთში ნავთობპროდუქტები მხოლოდ რუსეთიდან შედის.

„აფხაზეთში შექმნილი ვითარება არის რთული, მაგრამ არაკრიზისული. 12 სექტემბრის მდგომარეობით, აფხაზეთის ნავთობის საცავებში 2624 ტონა დიზელის საწვავი და 3510 ტონა ბენზინი ინახება,“ - წერს დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტრო.

უწყება საწვავის ადგილობრივი ბაზრის მონაწილეთა ინფორმაციას ეყრდნობა და წერს, რომ „3067 ტონა ბენზინის საფასური გადახდილია, უკვე გადმოტვირთულია და რუსეთიდან აფხაზეთის მიმართულებით გზაშია.“

ცნობისთვის: 2022 წლის აგვისტოში აფხაზეთში ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის დეფიციტი გაჩნდა, რადგან მათი რკინიგზით მიწოდება გვიანდებოდა. საწვავის კომპანია Apsny-Oil-ის გენერალურმა დირექტორმა, ოლეგ ბარციცმა „ინტერფაქსს“ მაშინ განუმარტა, რომ მიწოდება, როგორც წესი, უფრო სარკინიგზო ტრანსპორტით ხდება, რაც აფხაზეთის დიდი მოცულობით მომარაგებას უზრუნველყოფს, თუმცა რკინიგზით მიწოდება მაშინ პარალიზებული იყო, რის მიზეზადაც ბარციცი რუსეთის სამხრეთ მიმართულებით სამგზავრო მატარებლების რაოდენობის ზრდას ასახელებდა. კერძოდ, რუსეთის მაგისტრალების გადატვირთვის გამო სარკინიგზო ტრანსპორტით ტვირთის მიწოდების დრო წინა 10-15 დღიდან 1-1,5 თვემდე იყო გაზრდილი. ამდენად, ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება საავტომობილო გზით ხდებოდა, რა რაოდენობაც მხოლოდ ორი-სამი დღისთვის იყო საკმარისი.

2022 წელს რუსეთმა აფხაზეთში რკინიგზით 2 000 ტონა ნავთობპროდუქტი და 3 000 ტონა საავტომობილო საწვავი შეიტანა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ