ევროპის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები რეკორდულ ნიშნულამდე გაზარდა

ევროპის ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ციკლს აგრძელებს და ზედიზედ მეათედ ზრდის საპროცენტო განაკვეთებს ინფლაციის შესაკავებლად.

ამჯერად, სადეპოზიტო განაკვეთი შედარებით მცირედით, 25 საბაზისო პუნქტით გაიზარდა და რეკორდულ 4%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც, ბანკის თანახმად, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებაში.

გადაწყვეტილების შემდეგ ევროს კურსი დოლართან მიმართებით 0.24%-ით შემცირდა და ამჟამად $1.07-ზეა. მოსალოდნელია, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება კიდევ უფრო შეასუსტებს ეკონომიკურ აქტივობას.

ეკონომისტები იმედოვნებენ, რომ მსოფლიოს მთავარი ცენტრალური ბანკები განაკვეთების ზრდის პოლიტიკას ასრულებენ. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამერიკის ფედერალური რეზერვი და ინგლისის ცენტრალური ბანკი, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.

აღსანიშნია, რომ ევროზონაში ინფლაციის დონემ გასულ წელს პიკური მაჩვნებელის დაფიქსირების შემდეგ დაიწია და წლევანდელ აგვისტოში 5.3% შეადგინა. ევროპის ცენტრალური ბანკის პროგნოზით, მიზნობრივ 2%-იან მაჩვენებლამდე ინფლაცია 2025 წლამდე ჩამოვა.

კახი ჩაკვეტაძე