ბაიდენმა უკრაინის აღდგენის სპეცწარმომადგენლად Hyatt-ის მფლობელი ოჯახის წევრი დანიშნა

აშშ-ის ყოფილი ვაჭრობის მდივანი და მილიარდერი, პენი პრიცკერი უკრაინის ეკონომიკური აღდგენის საკითხებში ვაშინგტონის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. მისი დანიშვნის შესახებ ბრძანებულებას პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

Forbes-ის მიხედვით, პენი პრიცკერის ქონება 3,3 მლრდ დოლარს, ხოლო მთელი მისი ოჯახის ქონება 32,5 მლრდ დოლარს შეადგენს. შეერთებული შტატების უმდიდრეს ოჯახებს შორის პრიცკერების ოჯახი მეცხრე ადგილზეა, რომელიც, ასევე, დემოკრატიულ პარტიაში თავისი გავლენით არის ცნობილი.

ოჯახის კიდევ ერთი წევრი, ჯეი პრიცკერი 2019 წელს ილინოისის გუბერნატორი გახდა, თავად პენი კი 2013-დან 2017 წლამდე ვაჭრობის მდივნის პოსტზე მუშაობდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შენიშნავს, რომ პრიცკერის წინაპრები კიევის ოლქის სოფელ ველიკიე პრიცკიში ცხოვრობდნენ და რევოლუციამდე მარცვლეულის საწყობს ფლობდნენ. უკრაინელი ებრაელი, იაკობ პრიცკერი (1831–1896 წწ.) კიევში ებრაული „პოგრომების“ გამო ემიგრაციაში შეერთებულ შტატებში წავიდა. მისმა შთამომავლებმა სასტუმროების ქსელი, Hyatt დააარსეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პენი პრიცკერი ამ თანამდებობაზე უნიკალური კანდიდატურაა, რაც არა მხოლოდ სპეცწარმომადგენლად და მინისტრად მუშაობის გამოცდილებით, არამედ „უკრაინასა და უკრაინულ დიასპორასთან პირადი ღრმა კავშირებით არის განპირობებული.“

სახელმწიფო დეპარტამენტში მიაჩნიათ, რომ აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის ამოცანა იქნება უკრაინის დახმარება როგორც G7-ის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების, ასევე, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და აშშ-ის კერძო სექტორის მხრიდან. სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ პენი პრიცკერი უნდა დაეხმაროს უკრაინას „არა მხოლოდ გადარჩენაში, არამედ აყვავებაში.“

კიევში ბოლო ვიზიტის დროს ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას სანქცირებული პირებისგან ჩამორთმეულ აქტივებს გადასცემს და ეს სახსრები უკრაინელი ვეტერანების მხარდაჭერას მოხმარდება. ბლინკენმა არ დააკონკრეტა, რა თანხაზე არის საუბარი და კონკრეტულად ვისი აქტივები გადაერიცხება უკრაინას. მანამდე აშშ-ის პროკურატურამ განაცხადა, რომ უკრაინისთვის ბლოკირებული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის გადაცემას გეგმავს.

უკრაინის ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყანამ, დაახლოებით, 32,1 მლრდ დოლარის საერთაშორისო დახმარება მიიღო. აქედან აშშ-მა 12 მილიარდი, ევროკავშირმა 8 მილიარდი, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2.7 მილიარდი, კანადამ 1.9 მილიარდი, ხოლო გერმანიამ 1.5 მილიარდი დოლარი გამოყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ