აშშ-ს სანქციები: კიდევ ვის ეხება და რას ემსახურება ახალი პაკეტი

აშშ-მ სანქციების ახალი ნუსხა გამოაქვეყნა, რომელშიც ქართველი ოლიგარქი ოთარ ფარცხალაძეც მოხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Associated Press აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, აშშ რუსეთში, თურქეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და საქართველოში 150-ზე მეტ ბიზნესსა და ინდივიდს დაუწესებს სანქციებს, რათა კრემლს უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად ტექნოლოგიებზე, ფულსა და ფინანსურ არხებზე წვდომა აღუკვეთოს.

პაკეტი მიზნად ისახავს რუსეთის ენერგეტიკული სექტორის განვითარებისა და ფინანსური წყაროების, მათ შორის, არქტიკული ბუნებრივი აირის პროექტების, მაინინგისა და იმ საწარმოების საქმიანობის შეფერხებას, რომლებიც აწარმოებენ და აღადგენენ რუსულ იარაღს.

აშშ-მ სხვა რუსულ კომპანიებათან ერთად დაასანქცირა ახლად დაფუძნებული საუდის არაბული კომპანია, რომელიც საინჟინრო და სხვა ტიპის ტექნოლოგიას აწვდის რუსეთს არქტიკული გათხევადებული ბუნებრივი აირის პროექტისთვის.

პუტინს სურს, "არქტიკა LNG 2-ის" პროექტით რუსეთმა მეტი გათხევადებული გაზი აწარმოოს და კიდევ უფრო დიდი მოთამაშე გახდეს ენერგეტიკულ ბაზარზე.

სასანქციო პაკეტში მოხვდნენ თურქული, ფინური და რუსული კომპანიები, რომლებიც ეხმარებიან მოსკოვს ამერიკული და ევროპული ელექტრონული კომპონენტების, ჩიპებისა და პროცესორების მიღებაში, რომლებიც შემდგომ რუსულ იარაღებში გამოიყენება.

სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ფინეთში დაფუძნებული კომპანია რუსეთს კამერებს აწვდიდა დრონებისთვის, ასევე ლითიუმის ბატარეებს. თურქული კომპანიები კი გემების შეკეთების სერვისს სთავაზობდნენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებულ კომპანიას.

აღსანიშნია, რომ ომამდე რუსეთში იმპორტირებული ელექტრონული მოწყობილობების 90% G7-ის ქვეყნებიდან იყო, სანქციების შემდეგ კი ეს რიცხვი 30%-მდე დაეცა. მიუხედავად ამისა, ქვეყანას მაინც აქვს მნიშვნელოვანი ფინანსური რეზერვები და ახერხებს თავდაცვისთვის საჭირო ტექნოლოგიური პროდუქციის იმპორტს.

თურქეთმა და საუდის არაბეთმა ორივემ დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა, თუმცა დასავლურ სანქციებს არ შეერთებია და ინარჩუნებს რუსეთთან კავშირს. რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ის თანახმად, წელს საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის ვაჭრობა 68%-ით, 9 მილიარდამდე გაიზარდა.

სახელმწიფო დეპარტამენტში სჯერათ, რომ სანქციები მაინც მოქმედებს და რუსეთი უფრო ნაკლებ ელექტრონულ მოწყობილობას იყენებს საომრად.

მართალია, სანქციების ეს პაკეტი იმ რუსულ კომპანიებს იღებს მიზანში, რომლებიც იარაღს აწარმოებენ, მაგრამ, ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ დასავლური კომპანიები კარგად უნდა დაფიქრდნენ მნიშვნელოვანი ტექნოლოგიების იმ ქვეყნებისთვის მიყიდვაზე, რომელთაც რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკური კავშირი აქვთ.

ცნობისთვის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, ფარცხალაძის დასანქცირების მიზეზი რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან ("ეფესბე") თანამშრომლობა გახდა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის გავლენის გასაძლიერებლად.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარ პროკურორად 2013 წლის 7 ნოემბერს დაინიშნა და ამავე წლის 30 დეკემბერს გადადგა.

კახი ჩაკვეტაძე