რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გამო, სესხის პროცენტი 7494 ადამიანს გაუძვირდება

რეფინანსირების განაკვეთის ზრდის გამო, ლარში აღებული, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხის პროცენტი 7494 ადამიანს გაუძვირდება,- ამის შესახებ ნათქვამია "საზოგადოება და ბანკების" განცხადებაში, რომელსაც ორგანიზაცია რეფინანსირების განაკვეთის ზრდასთან დაკავშირებით ავრცელებს. "საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 0.5%-ით ზრდის. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დღეიდან 5%-ს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გამოიწვევს იმ სესხებზე პროცენტის ზრდას, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული", - ნათქვამია განცხადებაში.

"საზოგადოება და ბანკების" ინფორმაციით, 2015 წლის 30 აპრილის მდგომარეობით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 5147 ადამიანს, ხოლო ბიზნესსესხი 2347 იურიდიულ პირს აქვს. სულ სესხის პროცენტი 7494 ადამიანს გაუძვირდება. 2015 წლის იანვართან შედარებით იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი ჰქონდა 481-ით არის გაზრდილი.

"მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია და ის ერთგვარ ორიენტირს წარმოადგენს საბაზრო განაკვეთებისთვის, ვინაიდან ბოლო თვეებია სახეზეა ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება და ქვეყანაში მიმდინარე ნეგატიური ეკონომიკური პროცესები, შედეგად დადგა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდის საკითხი. შედეგად შემცირდება ერთობლივი მოთხოვნა, ეკონომიკის დაკრედიტება და ფასების საერთო დონე. საბოლოოდ მოხდება მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის შემცირება, რაც ლარის გაცვლით კურსს დროებით დაასტაბილურებს, თუმცა მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის შემცირება ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება. მართალია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა ეროვნული ვალუტის დასტაბილურებას გამოიწვევს, თუმცა ამას მხოლოდ დროებითი ეფექტი ექნება. თუ არ მოხდა ფუნდამენტური ფაქტორების გამოსწორება, როგორიცაა - ინვესტიციების ზრდა, საგარეო სავაჭრო სალდოს გაუმჯობესება და ა.შ. ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება ქვეყნის ეკონომიკისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დარჩება", - ნათქვამია განცხადებაში.