ქალაქ მარნეულში, 24-საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, მასშტაბური პროექტი ხორციელდება.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატიდან აცნობეს, სამუშაო პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება წყალმომარაგების ქსელი, მოეწყობა თანამედროვე ტიპის სატუმბი სადგური და წყლის ახალი რეზერვუარები. პარალელურად გრძელდება წყალარინების ქსელის სამშენებლო სამუშაოები.
იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული პროექტი მასშტაბურია, სამუშაოები 4 დამოუკიდებელ ლოტად ხორციელდება.
პროექტს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით 135 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება და მისი დასრულების შემდგომ 24 საათიანი წყალმომარაგებით 22 000 ბენეფიციარი ისარგებლებს.