ვანო მთვრალაშვილი: საწვავის სამომავლო ფასზე პროგნოზის გაკეთება მიჭირს

"ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" თავმჯდომარეს, ვანო მთვრალაშვილს საწვავის სამომავლო ფასთან დაკავშირებით პროგნოზის გაკეთება უჭირს.

როგორც მთვრალაშვილმა განაცხადა, საწვავის ფასზე ძირითადად, ორი ფაქტორი მოქმედებს - ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში და საწვავზე არსებული საერთაშორისო ფასი. "პირველი - ლარი დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვნად გაუფასურებულია. ეს ყველასთვის ცნობილია. ყველა პროდუქტი, რომელიც დამოკიდებულია დოლარზე, ანუ მისი იმპორტი დოლარის ზონიდან ხდება, სამწუხაროდ, ამ პროცესში ფასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან წნეხს განიცდის. ამას დაემატა მეორე ფაქტორი ის, რომ საერთაშორისო ფასები "PLATT"S"-ის მიხედვით, ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად მომატებულია. იანვრის პირველი რიცხვებიდან დღემდე, ბენზინის შემთხვევაში ტონაზე ფასი 180-200 დოლარითაა მომატებული. მხოლოდ 1 აპრილიდან დღემდე კი 80 დოლარიან ზრდას ჰქონდა ადგილი, ანუ გარდა იმისა, რომ დოლართან მიმართებაში ლარია გაუფასურებული და ეს საწვავის ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, ამას დაემატა ის, რომ საწვავზე საერთაშორისო ფასიც მომატებულია", - განაცხადა მთვრალაშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ ზემოაღნიშნული ორი ფაქტორის გავლენაა ის, რომ სამწუხაროდ, ფასები მატულობს.  "შესაძლოა, ზოგიერთმა კომპანიამ მოუმატოს. ზოგიერთი გახდეს იძულებული, რომ მომავალში გაზარდოს, მაგრამ ეს პროცესი ყველას ეხება, როგორც ბრენდირებულ, ასევე არაბრენდირებულ სეგმენტს. ამ შემთხვევაში არაბრენდირებული ქსელი იმავე წნეხს განიცდიან, როგორც ბრენდირებული ბენზინგასამართი სადგურები, თუმცა ამის მიუხედავად, არაბრენდირებული ქსელი 5-10 თეთრით უფრო დაბალ ფასს ინარჩუნებს", - აცხადებს მთვრალაშვილი.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს, "ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" თავმჯდომარეს ამაზე საუბარი უჭირს. "დღეს ამ ეტაპზე ამაზე საუბარი საკმაოდ რთული. ეს პირდაპირ დამოკიდებულია ზემოაღნიშნული ორი ფაქტორის ერთობლიობაზე. სასურველია, რომ ლარმა გამყარება დაიწყოს. ეს ამ მხრივ ცალსახად და უპირობოდ პოზიტიურ მომენტს შექმნის. ამ გადასახედიდან საკმაოდ რთულია ყველანაირი პროგნოზის გაკეთება. სამწუხაროდ, ფასმა მოიმატა და ეს მატულობს არა მარტო ჩვენთან", - განაცხადა მთვრალაშვილმა და სომხეთში, მოლდოვასა თუ უკრაინაში ამ მხრივ არსებული ვითარება დაასახელა. "ამ ქვეყნებს იმიტომ ვასახელებ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებია და მათთანაც თითქმის იდენტური დაბეგვრითი საგადასახადო რეჟიმებია. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი 15-20 თეთრით მაღალია, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში. ეს პროცესები მხოლოდ ჩვენს ქვეყანას არ შეეხო", - აღნიშნა მთვრალაშვილმა.

საწვავზე ფასები ზოგიერთ ქსელში დღეს დილიდან კიდევ 5 თეთრით გაიზარდა.