თოყაევი: „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობას სისტემატურად გავზრდით“

ყაზახეთი აპირებს, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (შუა დერეფნის) გამტარუნარიანობა სისტემატურად გაზარდოს. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა ცენტრალური აზიის სახელმწიფო მეთაურთა მე-5 საკონსულტაციო შეხვედრაზე განაცხადა, რასაც სააგენტო Trend ავრცელებს.

რეგიონის ქვეყნების სატრანსპორტო-ლოგისტიკური პოტენციალის სრულ რეალიზაციაზე საუბრისას თოყაევმა აღნიშნა, რომ ეს არსებითად სტრატეგიული სფერო შესაძლოა, რეგიონის სწრაფი განვითარების საყრდენი წერტილი გახდეს.

„ჩვენ ვხედავთ მსოფლიოს ახალი ეკონომიკური გეოგრაფიის ჩამოყალიბებას. მოსალოდნელია სავაჭრო ნაკადების ზრდა ჩინეთის, ევროპის, რუსეთისა და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით,“ - აცხადებს პრეზიდენტი.

მისი თქმით, ცენტრალური აზია ჩრდილოეთისა და სამხრეთის, დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი გლობალური მარშრუტების გზაჯვარედინზეა.

„ეს არის ჩვენი სერიოზული უპირატესობა, რომელიც ფართო პერსპექტივას გვიხსნის. ამ ეტაპზე ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი განსაკუთრებულ როლს ასრულებს. საშუალოვადიან პერსპექტივაში ამ დერეფნის გასწვრივ მოძრაობის მოცულობა შესაძლოა, ხუთჯერ გაიზარდოს. ჩვენ ვაპირებთ, მისი გამტარუნარიანობა ციფრული გადაწყვეტილებების დანერგვითა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციით სისტემატურად გავზარდოთ,“ - ამბობს თოყაევი.

ცნობისთვის: ივლისში ყაზახეთის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ტვირთების ნაკადის სისტემატურად გაზრდის შემდეგ, 2030 წლისთვის წლიური მაჩვენებელი 500 000 კონტეინერამდე ავა, ხოლო ჩინეთი-ევროპის მარშრუტზე ტრანზიტულ სახმელეთო გადაზიდვებში ყაზახეთის წილი 80%-ია.

პრეზიდენტის მონაცემებით, გასულ წელს ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით, დაახლოებით 1,7 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა, მარშრუტების დივესიფიკაციის ფარგლებში, რუსეთის ალტერნატიული შუა დერეფნის განვითარება მთავრობას ჯერ კიდევ 2022 წელს დაავალა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ