„ლარიზაციის და ცვლადგანაკვეთიანი სესხების პორტფელის ზრდის ფონზე, ჩვენ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ საპროცენტო განაკვეთები შემცირდება როგორც არსებული სესხების დიდ ნაწილზე, ლარში, ცვლადგანაკვეთიან სესხებზეც შემცირდება საპროცენტო განაკვეთები იმ ვადებში, რომელიც კონტრაქტულად არის განსაზღვრული“,- ამის შესახებ ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ განაცხადა.
რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს, მისი თქმით, რეფინანსირების განაკვეთის, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების ხარჯზე, მკვეთრი ზრდა არ უნდა იყოს მოსალოდნელი.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით შეამცირა, 13 სექტემბრიდან რეფინანსირების განაკვეთი 10% -ია.
„ეროვნული ბანკი მაინც ფრთხილობს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას, მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი სტაბილურად 1%-ზე ნაკლები გვაქვს უკვე და შესაძლებელია ითქვას, რომ ამ ეტაპზე, რეფინანსირების განაკვეთის, მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების ხარჯზე, ინფლაციის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა არ უნდა იყოს მოსალოდნელი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ფულის მასა არ შემცირებულა და მზარდია, მიუხედავად მაღალი რეფინანსირების განაკვეთისა.
ამ გადმოსახედიდან, მარტივად რომ შევხედოთ, ეროვნული ბანკი არბილებს მონეტარულ პოლიტიკას, მაგრამ ამას ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით აკეთებს, დღეის მდგომარეობთ, შემცირდა 0,25%-ით. წინაზეც 0,25%-ით შემცირდა, ანუ თანმიმდევრულად ყოველ კომიტეტზე ველოდებით, რომ ეს კიდევ გაგრძელდება.
ლარიზაციის და ცვლადგანაკვეთიანი სესხების პორტფელის ზრდის ფონზე, ჩვენ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ საპროცენტო განაკვეთები შემცირდება როგორც არსებული სესხების დიდ ნაწილზე, ანუ ლარში, ცვლადგანაკვეთიანი სესხებზეც შემცირდება საპროცენტო განაკვეთები იმ ვადებში, რომელიც კონტრაქტულად არის განსაზღვრული ( აქ შეიძლება დაგვიანება ჰქონდეს ერთ თვიანი ან ფიქსირებული პერიოდის შემდეგ შემცირდეს), არსებულ პორტფელზეც შემცირდება და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მოლოდინებმა უკვე ახალ შეთავაზებებზეც შეამცირა საპროცენტო განაკვეთი“,- განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.