რის ხარჯზე იზრდება კომერციული ბანკების აქტივები?

"ჩვენი საბანკო სექტორი თავკომბალას დაემსგავსა"

ეროვნული ბანკის კანონმდებლობის თანახმად, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები ფინანსურ ანგარიშგებას ყველა კვარტალში აქვეყნებენ. გამონაკლისი ამ მხრივ არც 2015 წლის პირველი კვარტალი ყოფილა: 31 მარტს ბანკებმა I კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნეს, საიდანაც ჩანს, რომ თითქმის ყველა ბანკის აქტივები საგრძნობლად არის გაზრდილი. ამ მხრივ უპირობო ლიდერები არიან "საქართველოს ბანკი" და "თიბისი ბანკი": ერთი წლის განმავლობაში "საქართველოს ბანკის" აქტივები 1 მლრდ 789 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო "თიბისი ბანკისა" - 1 მლრდ 710 მლნ ლარით. სერიოზული ზრდა აქვს "ბანკ ქართუს" – 350 მლნ ლარით, 350 მილიონი ლარით არის გაზრდილი ბანკ "რესპუბლიკის" აქტივებიც. მნიშვნელოვნად არის მომატებული "ბაზისბანკის", "ვითიბი ბანკ ჯორჯიას", "ლიბერთი ბანკისა" და "პროკრედიტბანკის" ზრდის მაჩვენებლებიც. მატება შეინიშნება თითქმის ყველა ბანკის აქტივებში, გარდა "სილქ როუდ ბანკისა". მთლიანობაში, ერთი წლის განმავლობაში საბანკო სექტორის აქტივები 5 მილიარდ ლარზე მეტით გაიზარდა.

bpn.ge დაინტერესდა, რის ხარჯზე გაიზარდა კომერციული ბანკების აქტივები: ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ, პროფესორ მიხეილ თოქმაჯიშვილს მიაჩნია, რომ კომერციული ბანკი მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციაა და თუ სტაბილურად მუშაობს, მისი აქტივებიც იზრდება, სხვა საკითხია, რამდენად გახდა ამის მიზეზი საფინანსო კრიზისი, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოშია. გამორიცხული არ არის, რომ ბანკებმა სხვადასხვა ფინანსური ოპერაციის მეშვეობით სერიოზული მოგება მიიღეს.

გაცილებით კრიტიკულად აფასებს საბანკო სექტორში არსებულ სიტუაციას ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელმძღვანელი - რამაზ გერლიანი:

- არც არის გასაკვირი, რომ ბანკების აქტივები და საერთოდ, მათი შემოსავალი გაიზარდა. ასეულობით მილიონის მოგებაზეა საუბარი, რადგან საქართველოში გვაქვს პოლარიზებული საფინანსო სისტემა, სადაც საბანკო სექტორს მეტოქე არა ჰყავს. ეს იმიტომ, რომ ჩვენთან არ არსებობს არც საფონდო ბაზარი და არც საპენსიო ფონდები. მცირე სალომბარდო დონის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ბანკებს კონკურენციას ვერ უწევენ, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ოცამდე ბანკია, რეალურად კონკურენტი საბანკო სექტორს არა ჰყავს. ამიტომ, მთელი ფინანსური რესურსი საბანკო სექტორში იყრის თავს და აქედან გამომდინარე, რეალური სექტორი გაცილებით ჩამორჩება საფინანსო სექტორს.

გერლიანის შეფასებით საქართველოს საბანკო სექტორი თავკომბალას დაემსგავსა, რაც მახინჯი გამოვლინებაა იმიტომ, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში წამყვანი პრინციპი კონკურენციაა:

- კონკურენცია არ არსებობს, ამიტომ ბანკების აქტივები შეუდარებელი სისწრაფით იზრდება, მაგრამ საგანგაშო აქტივების ზრდა კი არ არის, არამედ ის, რომ რეალური სექტორი ამ ტემპს საგრძნობლად ჩამორჩება. ის, რომ ფინანსები გროვდება, კარგია, მაგრამ საჭირო მიმართულებით არ მიდის და ეს არის ცუდი. ამის დასტურია ისიც, რომ დეპოზიტები იზრდება, რატომ? - იმიტომ, რომ სხვა ალტერნატივა არ არის და მთელი ჩვენი მოსახლეობა და ბიზნესსექტორი თავიანთ ფინანსებს ბანკებისკენ მიმართავენ. თუ რეალური სექტორი არ ვითარდება, არც ეკონომიკა იზრდება და ვალუტის კურსიც არ არის მყარი, რაც საბოლოო ჯამში ისევ ეკონომიკაზე აისახება. შეიძლება ითქვას, რომ საბანკო სექტორი დღეს ჩვენი ქვეყნის საფინანსო ბაზარზე უპირობო მონოპოლისტია.

რამაზ გერლიანის თქმით, ბანკების უმეტესობა საქართველოში დიდ სარგებელს ღებულობს, მაგრამ ამავე დროს ძალიან ცუდ მდგომარეობაში აგდებს მოსახლეობას: კაბალური პირობები, მაღალი განაკვეთები სესხებზე - ეს ყველაფერი ხალხის მხრებზე გადადის. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ქართული ბანკები მომხვეჭელობაზე არიან გადასული, რაც მათი ბრალი კი არ არის, არამედ კონიუნქტურისა. თუ კონკურენცია გაჩნდება, ბანკები თავად გახდებიან იძულებული საპროცენტო განაკვეთები დასწიონ და კლიენტებს უფრო შეღავათიანი პირობები შესთავაზონ.

"ჩვენ ძალიან დიდი სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ საბანკო სისტემას, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის სისხლძარღვებია. ღმერთმა ნუ ქნას, სადმე ერთი პატარა თრომბიც კი წარმოიქმნას... ძლიერი საბანკო სისტემის გარეშე ძლიერი ქვეყანა არ არსებობს", - თქვა bpn.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსმა ვაჟა კაპანაძემ.

ვაჟა კაპანაძე: "ბანკების აქტივების ზრდა დადებითი ტენდენციაა. ამისათვის რამდენიმე წყარო არსებობს: დეპოზიტებზე მოზიდული სახსრები, უცხოური წყაროებიდან მოზიდული რესურსები, ასევე სახაზინო ვალდებულებები და ფასიანი ქაღალდების ყიდვა-გაყიდვა... აქტივების ზრდა არის წინაპირობა იმისა, რომ საპროცენტო განაკვეთები თანდათან შემცირდეს და კონკურენცია ამ სფეროში უფრო გაიზარდოს, ვიდრე დღეს არის. თუ ჩვენს საბანკო სექტორში შემოვა რამდენიმე ევროპული დონის კომერციული ბანკი, ეს ამ სექტორს მხოლოდ წაადგება და მის განვითარებას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება მოგებას, ამ საკითხის განხილვისას ხშირად ჩნდება კითხვა - რის ხარჯზე იღებენ კომერციული ბანკები ამხელა მოგებას? - პირველ რიგში იმის ხარჯზე, რომ ჩვენთან საკრედიტო რესურსი გაცილებით ძვირია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში. საქართველოში ევროპასთან შედარებით დეპოზიტებზე გასაცემი პროცენტიც მეტია, მაგრამ კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთებიც მაღალია. ამიტომ, გაცემულ სესხებსა და მოზიდულ თანხას შორის სხვაობა საქართველოში სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე ევროპის განვითარებული ქვეყნების საბანკო სისტემაში ანუ ქართული ბანკები მოგების მაღალ მარჟაზე მუშაობენ. ბანკების შემოსავალზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ვალუტის კურსებს შორის სხვაობამ: ადრე მათი აქტივები 1,75-ში იყო ასახული, რადგან 1 დოლარი 1,75 ლარი ღირდა, ახლა კი, ეს ციფრი 2,30-მდე გაიზარდა. მარტო აქედან მიიღეს სერიოზული მოგება. გარდა ამისა, ფინანსური სპეკულაციების გზითაც საკმაო მოგება დარჩათ. კომერციულმა ბანკებმა 1 მილიარდი ლარით მეტი ამოიღეს ეკონომიკური აგენტებიდან გასული წლის მეოთხე კვარტალსა და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, რაც ლარის კურსის დაცემამ გამოიწვია. ბუნებრივია, ეს მოგება მათ აქტივებს დაემატა".

"იმისათვის, რომ ცივილიზებულ ქვეყნებს დავუახლოვდეთ, კიდევ უფრო მეტი საკრედიტო რესურსი და უფრო მაღალი კონკურენცია გვჭირდება. ამ სფეროში ამინდს ორი ბანკი განსაზღვრავს -"საქართველოს ბანკი" და "თიბისი ბანკი". დაახლოებით ხუთი ბანკია ლიდერ პოზიციებზე იმ ოც ბანკს შორის, რომელიც საქართველოში ოპერირებს, რაც გარკვეულწილად დაბალი კონკურენციის მაჩვენებელია. ეს იწვევს სწორედ მაღალ საპროცენტო განაკვეთებს. სასურველია საკრედიტო რესურსიც მეტი იყოს და ამ ბაზარზე უფრო მეტი ბანკი ოპერირებდეს. ასევე სასურველია, ლარის კურსი როგორღაც სტაბილური გახდეს და სპეკულაციური გარიგებები გამოირიცხოს, ასევე უნდა შემცირდეს სხვაობა მოზიდულ სახსრებსა და გაცემულ სესხებს შორის"- აცხადებს ვაჟა კაპანაძე.

ხათუნა ჩიგოგიძე