სოხუმის აეროპორტის გახსნა 2025 წელს იგეგმება. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის მინისტრ თეიმურაზ ხიშბამ განაცხადა.
„დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენი სტუმრების შესაძლებლობებს გაზრდის და ტურისტული გეოგრაფია გაფართოვდება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ტურიზმი დღეს დინამიურად ვითარდება,“ - აცხადებს ხიშბა.
როგორც ჩანს, თარიღმა გადაიწია, რადგან რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო აეროპორტის მუშაობის განახლებას 2024 წლის მეოთხე კვარტალში გეგმავდა.
სამინისტრომ სოხუმის აეროპორტის მშენებლობისთვის პოტენციური ინვესტორების შესარჩევად განაცხადების მიღება 4 სექტემბერს დაიწყო, 15 სექტემბერს კი დაასრულა. ინვესტორის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას ე.წ. რუსეთ-აფხაზური ერთობლივი კომისია მიიღებს.
ცნობისთვის: ივნისის შუა რიცხვებში გამართულ სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრ მაქსიმ რეშეტნიკოვმა და აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრ ქრისტინა ოზგანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, „სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობის აღდგენისა და შემდგომი ფუნქციონირების საინვესტიციო პროექტს რუსეთის იურიდიული პირი განახორციელებს.“
მედიის ცნობით, სოხუმის აეროპორტს პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას კუთვნილი კომპანიების ჯგუფი, „საბაზისო ელემენტი“ აღადგენს. ასევე, ინტერესს იჩენს კომპანია,„რეგიონების აეროპორტები,“ რომლის 90%-ს „რენოვას“ ყოფილი ტოპმენეჯერი, ვლადიმერ რეზერი ფლობს. „ვედომოსტის“ წყაროს ცნობით, „მიმზიდველი პირობების შემთხვევაში“ კონკურსში შესაძლოა, მილიარდერ რომან ტროცენკოს კომპანია „ნოვაპორტმაც“ მიიღოს მონაწილეობა.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს, საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს („როსავიაციის“) და პოტენციური ინვესტორის წინასწარი შეფასებით, რეკონსტრუქციის პირველი ეტაპის ღირებულება 6,5 მლრდ რუბლს (67,184 მლნ დოლარს) შეადგენს. პირველ ეტაპზე დაგეგმილია 3.6 კმ-იანი ასაფრენი ბილიკიდან 2.4 კმ-ის რეკონსტრუქცია, რაც აეროპორტს საშუალებას მისცემს, მიიღოს რუსული SSJ-100-ისა და MS-21-ის მოდელის სამგზავრო, ასევე, IL-76-ის ტიპის სატვირთო თვითმფრინავები.
რეშეტნიკოვის უწყება პროგნოზირებს, რომ რეკონსტრუქციის პირველ ეტაპზე ტრაფიკის წლიური მოცულობა 375,8 ათას მგზავრს შეადგნეს. აღდგენითი სამუშაოების მეორე ეტაპი წელიწადში მილიონი მგზავრის მიღწევის შემდეგ დაიწყება. მთლიანობაში სამინისტრო მოელის, რომ განახლებული აეროპორტის ტრაფიკის ჯამური მოცულობა წელიწადში, დაახლოებით, 1,2 მილიონ მგზავრს მიაღწევს.
აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუს დროს აცხადებდა, რომ სოხუმის აეროპორტი სატრანზიტო იქნება, თუმცა მან არ დააკონკრეტა, თუ რომელი ქვეყნები გამოიყენებენ ამ ტრანზიტს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ