რუსებმა თრუსოს ხეობაში ოსური ტურები დაიწყეს

წელს კობსა და თრუსოს ხეობაა უკვე 23 ადამიანი ეწვია და სამი სრული დღე გაატარა. ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილების ხელმძღვანელმა, დიმიტრი ტროფიმოვმა სააგენტო TASS-ს განუცხადა.

ტროფიმოვი თრუსოს ხეობას ოსების „მშობლიურ ადგილს“ უწოდებს და იმედოვნებს, რომ ოსების ვიზიტები ხშირი და რეგულარული გახდება.

„იმედი მაქვს, რომ ასეთი მოგზაურობები რეგულარული გახდება და ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრებ თრუსოელებს საშუალება ექნებათ, თავისუფლად ჩავიდნენ მშობლიურ ადგილებში,“ - აცხადებს რუსი დიპლომატი.

13 სექტემბერს ვლადიკავკაზში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ბაგირ მამიევმა TASS-ს განუცხადა, რომ ექვსი ოსური ოჯახისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელთა რიცხვიც 23 ადამიანს შეადგენდა, თრუსოს ხეობაში „სამშობლო მოინახულეს, ასევე, წინაპრების საფლავებსა და უძველეს სიწმინდეებს ეწვივნენ.“მამიევის თქმით, ეს რუსეთის ინტერესების განყოფილებასთან ორთვიანი შეთანხმების შედეგად გახდა შესაძლებელი.

TASS წერს, რომ თრუსოს ხეობა „ტრადიციულად ძირითადად ოსებით იყო დასახლებული.“

„საქართველოს მოსახლეობის 1989 წლის აღწერის მონაცემებით, ხეობაში 65 ოსური ოჯახი ცხოვრობდა, რაც, დაახლოებით, ათას ადამიანს შეადგენდა. ისინი მესაქონლეობას ეწეოდნენ და თრუსოში წელიწადში სამი სეზონი ცხოვრობდნენ, ზამთრისთვის კი პირუტყვიჩრდილოეთ ოსეთში გადაჰყავდათ. 2005 წლიდან საქართველოს ხელისუფლებამ თრუსოელებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა ახსნა-განმარტების გარეშე ჩაკეტა,“ - წერს სააგენტო.

TASS-ის ცნობით, 16 წლის განმავლობაში პირველად, „თრუსოს მცხოვრებთა ჯგუფმა“ ხეობა ერთდღიანი ვიზიტით 2021 წელს მოინახულა, ხოლო 2022 წელს ჩრდილოეთ ოსეთიდან უკვე 10-ის ნაცვლად, 17-კაციანი ორდღიანი ტური შესრულდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ