საკურორტო დასვენება 10-20%-ის ფარგლებში გაძვირდება

ზოგიერთი სასტუმრო ნომრებს მხოლოდ დოლარში აქირავებს

საგაზაფხულო კურორტებზე მომსახურების ფასი 5-დან 20 პროცენტის ფარგლებში მოიმატებს. კორექტირება როგორც საზღვაო, ასევე სამთო და სამკურნალო კურორტებზეც იგეგმება. სასტუმროების მფლობელების განცხადებით, სავალუტო კრიზისის გამო სხვა გამოსავალი არ აქვთ და მომსახურების გაძვირება მოუწევთ. ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები ახალი სეზონის წინ ამაღლებული განწყობით არ გამოირჩევიან. თითქმის ყველა მათგანი ”რეზონანსთან” საუბრისას არ მალავს, რომ რთული პერიოდის გადალახვა მოუწევთ და ქვეყანაში არსებული ფინანსური კრიზისი გავლენას მათ საქმიანობაზეც მოახდენს.

სამთო-სამკურნალო კურორტებზე დამსვენებლებს მაისის შუა რიცხვებიდან ელოდებიან. ცემში მდებარე საოჯახო სასტუმროს მფლობელის, მანუჩარ ცინდელიანის ინფორმაციით, რამდენიმე შეკვეთა უკვე მიიღეს და სტუმრებს 15 მაისიდან, წიწვოვანთა დამტვერვის პერიოდში ელოდებიან.

”სეზონი ოფიციალურად არ გამოცხადებულა, მაგრამ კურორტზე დიდი სამზადისია. როგორც უნდა მოვინდომოთ, ფასს ვერ შევინარჩუნებთ. შარშან ტურისტს ჩვენს სასტუმროში დასვენება 40 ლარადაც შეეძლო, წელს 50 ლარზე ნაკლები არ ეღირება. ვერაფრით ვახერხებთ, რომ ფასი შევინარჩუნოთ. ჯერ არ ვიცით, როგორი სეზონი გველოდება. როცა ქვეყანაში კრიზისია, დამსვენებლების მოზიდვა ადვილი არ არის. მით უმეტეს, ბევრი კარგი ქვეყანაა, სადაც ადამიანმა შედარებით იაფად და უკეთესადაც შეიძლება დაისვენოს. დიდი ძალისხმევის გაწევა მოგვიწევს, რომ კურორტის ტურისტული შესაძლებლობები სათანადოდ წარმოვაჩინოთ და ხალხი მოვიზიდოთ”, - ამბობს მანუჩარ ცინდელიანი.

კურორტ აბასთუმანში კერძო ბინაში ღამის გათევა, საშუალოდ, 30 ლარიდან იწყება და 120-150 ლარამდე ადის. სასტუმროს ფასი 70-80 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს. აბასთუმნის უნიკალური ჰაერი ერთადერთია, რაც დამსვენებელს იზიდავს. კურორტის ინფრასტრუქტურა დღემდე მოუწესრიგებელია.

სასტუმრო ”კაპას” წარმომადგენელი ვაჟა ყულიჭანიშვილი ამბობს, რომ კურორტი მთლიანად კერძო ინიციატივის დონეზეა, სახელმწიფოს მხრიდან აბასთუმანს მინიმალური მხარდაჭერაც კი არ აქვს. რაც შეეხება მომსახურების ფასს, კვების სეგმენტი 5 ლარით გაძვირდა, რასაც ”კაპას” მენეჯერი პროდუქტების გაძვირებას უკავშირებს.

”სასტუმროს ტერიტორია კეთილმოწყობილია და ტყის ლამაზი ლანდშაფტის ფონზე დასვენება მაქსიმალურად კომფორტულია. სამწუხაროდ, კერძო ტერიტორიის მიღმა ამ მშვენიერების ნახვა წარმოუდგენელია, რადგან კურორტის ინფრასტრუქტურა მოშლილი და განადგურებულია. როგორც ახალი, ასევე წინა ხელისუფლების დროს აბასთუმანში არც ერთი პროექტი არ განხორციელებულა, რაც გაკეთდა, მხოლოდ კერძო ძალისხმევის შედეგია. ვცდილობთ, ჩვენთან მოსულ დამსვენებელს მაქსიმალურად კარგი გარემო შევუქმნათ. რამდენიმე შეკვეთა უკვე გვაქვს, სტუმრებს 15 მაისიდან ველოდებით, უმეტესწილად, ადგილობრივები არიან, ორიც რუსი ტურისტია, რომელმაც ადგილი წინასწარ დაჯავშნა. აბასთუმანში დამსვენებლების დეფიციტი თითქმის არასდროსაა, მაგრამ კონტინგენტი შეიცვალა. მაგალითად, შარშან ვიზიტორების უმრავლესობა ბინებზე იყო ორიენტირებული. ვცდილობთ, მიდგომა შეიცვალოს და სასტუმროში მათ მიმზიდველი გარემო შევუქმნათ. 1 ადგილის ფასი 40 ლარია, ამდენივე ღირს კვებაც. პროდუქტის ფასიდან გამომდინარე, ტარიფი იმდენად მიზერულია, რომ მოგების შესაძლებლობას დიდად არ გვაძლევს, თუმცა მეტად ვერ გავაძვირებთ”, - აცხადებს ვაჟა ყულიჭანიშვილი.

მომსახურების საფასური ჯერ არ გაუძვირებიათ, თუმცა არსებული ტარიფის შენარჩუნების შანსს ვერ ხედავენ რაჭაში, კერძოდ, ონში მდებარე სასტუმრო ”მხატვრის სახლის” მფლობელი თემურ გუგუშვილი. მისი თქმით, ფასს უახლოეს პერიოდში გადახედავენ და მომსახურების 5-10%-ით გაძვირება მოუწევთ. ”დასვენების საფასური 50-65 ლარის ფარგლებშია, ამ თანხაში შედის კვებაც. დამსვენებელს ვთავაზობთ ტურებს საინტერესო ადგილებში: ბროლის მთაზე, პირველყოფილი ადამიანის სადგომ-გამოქვაბულებში, მინერალურ წყლებზე და სხვა. ჯერჯერობით ტარიფი არ გაგვიზრდია, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოგვიწევს. ვცდილობთ, სხვაობა მინიმალური იყოს, დაახლოებით, 5-10%-ის ფარგლებში, რომ გაძვირება დამსვენებლისთვის მტკივნეული არ აღმოჩნდეს”, - ამბობს თემურ გუგუშვილი.

არ შეცვლილა კურორტ ”საირმეს” ფასი დოლარში, თუმცა როგორც სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერმა სოფო თხილაიშვილმა განაცხადა, ანგარიშსწორება ლარში მიმდინარეობს, შესაბამისად, ლარის დევალვაციის გამო, ფასი აქაც გაზრდილია. დღეისათვის, ერთადგილიანი ნომრის მინიმალური ფასი სასტუმროში 44 დოლარია, ივნისიდან კი იმავე ნომრის ფასი 59 დოლარი გახდება. ”შარშან ორადგილიანი ნომრის ფასი 179 ლარი იყო, ახლა კი იგივე ნომერი 99 დოლარის ეკვივალენტია ლარში ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით. ლარის კურსის გაუფასურების გამო, ფასის ცვლილებაც შესაბამისი გამოდის”, - აცხადებს სოფო თხილაიშვილი.

5 დოლარით გაძვირდება ”წყალტუბო სპა რეზორტიც”. მიზეზი ამ შემთხვევაშიც ანალოგიურია და სანატორიუმის მენეჯერ დიტო გოგილაშვილის განცხადებით, ფასის მატება დევალვაციას უკავშირდება. აქ ნომრის ღირებულება 80 დოლარიდან იწყება და 180 დოლარს აღწევს.

მომსახურების ფასის შენარჩუნებას ცდილობენ საზღვაო კურორტებზე. ბათუმში ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ტარიფმა თითქმის ყველგან მოიმატა, ზოგიც მოსალოდნელი ცვლილების მოლოდინშია.

სასტუმრო ”ოთოს” მფლობელის, მაია ბერიძის განცხადებით, ლარის გაუფასურების ტენდენცია თუ გაგრძელდება, მომსახურების გაძვირება მოუწევთ. ”შარშანდელი სეზონი წარმატებული არ იყო. ვცდილობთ, მობილიზება მოვახდინოთ და დამსვენებლებს მეტი მოტივაცია მივცეთ. ერთ-ერთი ასეთი ღონისძიებაა ჯაზ-ფესტივალი, რომელიც ზაფხულში ჩატარდება. ამ დროს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ტურისტს ველოდებით. ახლა შემთხვევითი ვიზიტორის გარდა, სასტუმროს ჯერჯერობით დამსვენებელი არ ჰყავს. კლიენტებისთვის არ გაგვიძვირებია მომსახურება, მაგრამ არსებული ფასის დიდი ხნით შენარჩუნებაც გაგვიჭირდება. ლარის გაუფასურება თუ სამომავლოდაც გაგრძელდება, ფასს გადავხედავთ, ვცდილობთ, დიდი სხვაობა არ მივიღოთ”, - ამბობს მაია ბერიძე.

სასტუმრო, შესაძლოა, 10-20%-ით გაძვირდეს ბალნეოლოგიურ კურორტ ”სამთა ნუნისში”. როგორც სასტუმროს ადმინისტრაციის სამსახურში განმარტავენ, მომსახურების ღირებულება პროდუქტებისა და საწვავის ღირებულებაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, შესაბამისად, ზრდა გარდაუვალია.

წელს კურორტზე განსაკუთრებული სიახლე და ახალი შეთავაზება დაგეგმილი არ არის.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი ”რეზონანსი