„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალური ფონისა და კორუფციის გამო, ოჯახებთან ერთად 5000 ბავშვი ემიგრაციაში წავიდა. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კორუფციის გამო, ბათუმი დაპაუზებულია და ბიუჯეტიდან თანხები იფლანგება.
„ქვეყნიდან ადამიანები ოჯახებთან ერთად ემიგრაციაში გარბიან. სოციალური შემწეობა ერთადერთი შემოსავლის წყაროდ იქცა. ოლიგარქის ხელისუფლება კვლავ აგრძელებს მოქალაქეების ფულის მითვისებას, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეს ხელისუფლება კორუმპირებულია. პასუხს ვაგებინებთ ყველა მაღალჩინოსანს, რომელმაც 5 000 ბავშვი ამ ქვეყნიდან საზღვარგარეთ ემიგრაციაში გაუშვა. პასუხს ვაგებინებთ კანონის ფარგლებში იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად დაპაუზებულ ბათუმს გვაჩვენებს.
ვნახეთ, 2003 წელს, „ვარდების რევოლუციით“ და მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, დაპაუზებულ კორუფციაში ჩაფლული ქვეყანა წუმპიდან ამოვიდა და ყველაზე განვითარებული ქვეყანა გახდა, ჩვენ დავამარცხეთ კორუფცია. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” არ ვაპირებთ შევეგუოთ კორუფციას, ვაპირებთ ბრძოლას. ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ ბიუჯეტი დაუბრუნოთ ხალხს“, - განაცხადა რეზო ხარაზმა.