პეკინს აქვს რესურსი, ტაივანის სრუტეზე ჩქაროსნული რკინიგზა ააშენოს. ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განვითარებისა და რეფორმების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ცუნ ლიანმა განაცხადა, რასაც South China Morning Post (SCMP) ავრცელებს.
ჩინოვნიკის თქმით, დღეს ჩინეთს აქვს საინჟინრო და ტექნიკური შესაძლებლობები, რომ მატერიკული ფუძზიანის პროვინციიდან კუნძულ ტაივანამდე ჩქაროსნული რკინიგზა ააშენოს.
თავად რკინიგზისა და მშენებლობის ვადების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება.
„ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ უახლოეს მომავალში ტაივანის სრუტის ჩქაროსნული მატარებლით გადალახვაზე ორივე მხარეს მცხოვრები ხალხის ოცნება ავასრულოთ,“ - აცხადებს ცუნ ლიანი.
მისი თქმით, მატერიკსა და კუნძულს შორის რკინიგზა ტაივანის საქონელს ევრაზიის ბაზრებზე მოხვედრაში დაეხმარება, რაც, თავის მხრივ, ე.წ. აბრეშუმის გზის ჩინურ ეკონომიკურ ინიციატივა „ერთ სარტყელ - ერთ გზას“ კიდევ უფრო განავითარებს.
ცნობისთვის: 2013 წლიდან, „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში, ჩინეთმა მსოფლიოს მასშტაბით ინფრასტრუქტურულ პროექტებში 900 მლრდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ინვესტიციები 70 ქვეყანასა და საერთაშორისო ორგანიზაციაში ხორციელდება. კერძოდ, 2021 წელს ყველაზე დიდი ბენეფიციარი ერაყი გახდა, სადაც 10,5 მლრდ დოლარი ჩაიდო, ხოლო 2022 წელს საუდის არაბეთმა 5,5 მლრდ დოლარის გარიგებების რაოდენობით ყველა ქვეყანას გადაუსწრო და პირველ ადგილზე გავიდა. ყველაზე მეტ თანხას ჩინეთი რუსეთს ახარჯავდა, თუმცა, 2022 წელს „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ფარგლებში ჩინური ინვესტიციები რუსეთში პირველად განულდა, რითიც პეკინი ცდილობს, უკრაინის ომის გამო სანქციები აირიდოს.
„ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ინიციატივაში საქართველოც მონაწილეობს. კერძოდ, ჩინეთიდან ევროპისკენ, მათ შორის საქართველოზე გამავალი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი (TITR) ჩინური ინიციატივის, „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ ფარგლებში მუშავდება.
შუა დერეფნით ჩინეთი მეტად დაინტერესებულია, რადგან ტვირთის მიწოდება, სუეცის არხთან შედარებით, უფრო მოსახერხებელი და მოკლე მარშრუტით არის შესაძლებელი. თუ ჩინეთიდან ევროპაში ტვირთის საზღვაო გადაზიდვას 30-40 დღე სჭირდება, მატარებლით მიწოდების დრო 15-25 დღემდე მცირდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ