ერდოღანი: ევროკავშირის და ჩვენი გზები შესაძლოა გაიყაროს

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთისა და ევროკავშირის (EU) გზები შესაძლოა, გაიყოს. პრეზიდენტმა ეს განცხადება EU-ს მიერ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა, რომელშიც საუბარია, რომ თურქეთი დემოკრატიულ სტანდარტებთან დაშორებულია.

"იმ პერიოდში, როდესაც ევროკავშირი თურქეთის გარიყვას ცდილობს, ჩვენ შევაფასებთ ვითარებას და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ საჭიროება მოითხოვს, შესაძლოა, ჩვენი და ევროკავშირის გზები გაიყოს კიდეც," - უთხრა ერდოღანმა თურქ რეპორტიორებს ნიუ-ორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დასასწრებად გაფრენამდე.

ამ თვეში გამოქვეყნებულ ევროპარლამენტის 2022 წლის ანგარიშის თანახმად, შემაშფოთებელია თურქეთში ცენზურის დამაწესებელი კანონები, კრიტიკული აზრის დათრგუნვა, სასამართლო სისტემის არადამოუკიდებლობა, ქალების უფლებების მკვეთრი გაუარესება და სხვა.

ევროპარლამენტმა EU-ს თურქეთთან ურთიერთობისთვის "პარალელური და რეალისტური ჩარჩოს" განხილვა შესთავაზა.

თავის მხრივ, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ანგარიში გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „ეს ანგარიში სავსეა უსამართლო ბრალდებებითა და ცრურწმენებით, დაფუძნებულია ანტითურქული წრეების დეზინფორმაციაზე და ასახვაა ევროპარლამენტის ზედაპირული მიდგომისა, როგორც ჩვენს ქვეყანასთან, ისე ევროკავშირის მომავალთან მიმართებით.

ცნობისთვის, თურქეთის ევროკავშირში მიღებაზე მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი შეფერხდა, ქვეყანა მაინც რჩება მთავარ ეკონომიკურ და სამხედრო პარტნიორად ევროგაერთიანებისთვის.

კახი ჩაკვეტაძე