საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია“ ევროკონტროლის ერთიან ევროპულ ქსელ NewPENS-ში ჩაერთო. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, NewPENS (new pan-European network service) არის სატელეკომუნიკაციო ქსელი, რომელიც EUROCONTROL-ის მხარდაჭერით, ევროპის საჰაერო ნავიგაციის სერვისების რამდენიმე პროვაიდერის მიერ შეიქმნა.
უწყების ინფორმაციით, NewPENS სააერონაოსნო ინფორმაციების გაცვლისთვის სააერნაოსნო მომსახურების პროვაიდერებს, მიმწოდებლებსა (ANSP) და სხვა საჰაერო მოძრაობის ორგანიზებით (ATM) დაინტერესებულ მხარეებს შორის ქსელურ სერვისს უზრუნველყოფს. იგი ხმოვან და მონაცემთა კომუნიკაციას მოიცავს და ამ ქსელში გაერთიანებული წევრებისთვის უსაფრთხო, ეფექტურ კავშირს უზრუნველყოფს. NewPENS-ში თითქმის ყველა ევროპული ქვეყანაა გაერთიანებული.
„აღნიშნულ ქსელში ჩართვით საქართველოს საშუალება ეძლევა, ევროპის ქვეყნებთან ინფორმაციის პირდაპირი მიმოცვლა განახორციელოს. აგრეთვე, აღნიშნული ქსელის საშუალებით უკვე შესაძლებელია, საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგური შეტყობინებების მსოფლიო საავიაციო მეტეოროლოგიურ ბანკში (ROC) გავრცელება ციფრულ - IWXXM ფორმატით,“ - განაცხადა „საქაერონავიგაციის“ გენერალურმა დირექტორმა, გოჩა მეზვრიშვილმა.
NewPENS-ში ინტეგრაციაზე მუშაობა 2021 წლიდან დაიწყო და 2022 წლის იანვარში „საქაერონავიგაციას“, ევროკონტროლსა და BT გლობალ სერვისს შორის შეთანხმებას ხელი მოეწერა.