ე.წ. გათბობის სეზონი ევროპაში ოქტომბრის დასაწყისიდან მარტის ბოლომდე გრძელდება, რის შესახებაც ევროკომისიის ბოლო, ზაფხულში გაკეთებული პროგნოზი მეტად ოპტიმისტურია.
კერძოდ, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გაზის საშუალო ფასი გაზაფხულის პროგნოზზე 15%-ით, ხოლო ელექტროენერგიაზე 11%-ით დაბალი იყო. ევროკომისია, ასევე, მესამე კვარტალშიც, გაზაფხულის პროგნოზთან შედარებით, გაზის ფასის 21%-ით, ხოლო ელექტროენერგიის 25%-ით შემცირებას მოელის.
ევროკომისიის ცნობით, ევროპის გაზის საცავები, თითქმის, სავსეა, რასაც უწყება, პირველ რიგში, თხევად ბუნებრივ აირზე (LNG) აქტიურ გადასვლას, ასევე, მოსახლეობის მიერ ენერგომოხმარების კორექტირებას უკავშირებს.
ევროკავშირის მიზანი იყო, გაზის საცავები 90%-ით 1 ნოემბრისთვის შეევსო, თუმცა ამ მოცულობას უკვე 18 აგვისტოსთვის მიაღწია. ევროკომისიის დოკუმენტის მიხედვით, ამ ეტაპზე საცავებში გაზის მოცულობა 93 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს.
Gas Infrastructure Europe-ის მონაცემებით, ევროპის გაზის საცავები 12 სექტემბრისთვის უკვე 93,86%-ით იყო სავსე, რაც გასული წლის იმავე თარიღზე 84,24%-ით, ხოლო 2021 წელზე 70,48%-ით მეტია. ამასთან, საცავების წლევანდელი მარაგი ახლოსაა 2020 წლის 93.1%-ისა და 2019 წლის 94.12%-ის მოცულობასთან.
„აქედან გამომდინარე, მომავალი ზამთრისთვის გაზის მიწოდების თვალსაზრისით ევროკავშირი ახლა ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია,“ - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
2027 წლისთვის ევროკავშირი აპირებს, რუსული ენერგორესურსების მიწოდება მთლიანად შეწყვიტოს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ