რუსულმა VTB-მ სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოში ევროპაში მისი ყოფილი შვილობილი კომპანია VTB Bank Europe-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
ბანკი 112,6 მლნ ევროს ამოღებას მოითხოვს. 14 სექტემბერს სასამართლომ, ბანკის მოთხოვნით, VTB Bank Europe-ის ანგარიშზე VTB-ის დეპოზიტარში არსებული აქტივების ნაწილი დააპატიმრა. თუმცა რუსეთის სასამართლოს მიერ დაწესებული დროებითი ზომების მიუხედავად, ამ გადაწყვეტილების აღსრულება გერმანიაში, სადაც VTB Bank Europe არის რეგისტრირებული, პრაქტიკულად შეუძლებელია.
BGP Litigation-ის შეფასებით, ბანკმა VTB Bank Europe-დან მის საკორესპონდენტო ევროს ანგარიშზე ჩარჩენილი და სანქციების დაწესების შემდეგ დაბლოკილი თანხის ამოღება გადაწყვიტა. სანქციების შემოღებამდე რუსული VTB-ის სათაო ოფისისთვის VTB Bank Europe ევროს ვალუტაში საკორესპონდენტო ბანკი იყო.
რუსულმა ბანკმა VTB Bank Europe-ზე კონტროლი 2022 წლის აპრილში, მას შემდეგ დაკარგა, რაც მის წინააღამდეგ ევროკავშირის სანქციები დაწესდა. ჯგუფი არ დაეთანხმა გერმანიის ხელისუფლების სასანქციო გადაწყვეტილებას და ბანკის მმართველმა, ანდრეი კოსტინმა დასავლური აქტივების მენეჯმენტიდან მის ჩახსნას „ქურდობა“ უწოდა.
გერმანიის მარეგულირებელმა VTB Bank Europe-ის ლიკვიდაციის პროცესი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო. შვილობილი ბანკის დაკარგვით მიღებული ზარალი VTB-ის არ გაუმჟღავნებია, თუმცა აპრილში გამოქვეყნებული ბანკის ანგარიშიდან ცნობილი გახდა, რომ VTB Bank Europe-ის ფრანკფურტის ფილიალმა და ლონდონის VTB Capital-მა მთლიანობაში 209 მლრდ რუბლი (2,165 მლრდ დოლარი) იზარალეს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ