უკრაინამ თავისი სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტის ცალმხრივი აკრძალვის გამო პოლონეთს, სლოვაკეთსა და უნგრეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (WTO) უჩივლა. ამის შესახებ უკრაინის პირველმა ვიცეპრემიერმა, ეკონომიკის მინისტრ იულია სვირიდენკომ განაცხადა, რაც სამინისტროს ვებგვერდზე ვრცელდება.
უკრაინა ამ სამ ქვეყანასთან WTO-ს ფარგლებში კონსულტაციებს ითხოვს. სვირიდენკოს თქმით, ქვეყანას სურს, დაამტკიცოს, რომ ორგანიზაციის ცალკეულ წევრ სახელმწიფოებს უკრაინული საქონლის იმპორტის აკრძალვა არ შეუძლიათ. ამასთან, კიევი იმედოვნებს, რომ სახელმწიფოები მოხსნიან შეზღუდვებს და უკრაინას მათთან სასამართლოში „ურთიერთობის დალაგება“ არ მოუწევს.
ქვეყნის მთავრობა მიიჩნევს, რომ ევროკავშირის სამმა სახელმწიფომ, პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა თავიანთი საერთაშორისო ვალდებულებები დაარღვიეს, რადგან ვაჭრობის სფეროში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცალმხრივი ქმედებები მიუღებელია. იულია სვირიდენკოს შეფასებით, ბლოკის ყველა წევრი ქვეყანა სავაჭრო პოლიტიკასთან დაკავშირებით კოორდინირებულად და ურთიერთშეთანხმებით უნდა მოქმედებდეს, რაც ევროკავშირის ექსკლუზიური კომპეტენციაა.
ეს სამი მეზობელი ქვეყანა, ასევე, ბულგარეთი და რუმინეთი უკმაყოფილო არიან იმით, რომ უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, კერძოდ, ხორბლის, სიმინდის, რაფსისა და მზესუმზირის მათი ტერიტორიით ექსპორტმა ადგილობრივ ბაზრებზე ჭარბი მარაგი შექმნა, რამაც ფერმერების საქონელზე ფასები დააგდო. ევროკომისიამ ამ ქვეყნების ტერიტორიაზე უკრაინული იმპორტი თავიდან ცენტრალიზებულად შეზღუდა, რაც 15 სექტემბრამდე მოქმედებდა. თუმცა მას შემდეგ უწყებამ ეს შეზღუდვა აღარ გაახანგრძლივა, რის გამოც პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა ეს დამოუკიდებლად გააკეთეს. მათ მიერ დაწესებული აკრძალვები არ ეხება ევროკავშირის გავლით მესამე ქვეყნებში უკრაინული პროდუქციის ტრანზიტს.
აკრძალვის გახანგრძლივების შესახებ ვარშავის, ბრატისლავისა და ბუდაპეშტის ცალმხრივი გადაწყვეტილებები ევროკავშირის რიგი სხვა წევრი ქვეყნების, მათ შორის, გერმანიისა და საფრანგეთის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა დაგმეს.
თუ აკრძალვა 22 სექტემბრამდე არ მოიხსნება, კიევი მიიღებს ზომებს, რომლებიც პოლონეთიდან ხახვისა და ვაშლის, უნგრეთიდან კი ავტომობილების იმპორტზე გავლენას მოახდენს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ