ბრილიანტები, „როსატომი“ და გაყინული აქტივების უკრაინისთვის გადაცემა - რას შეიტანს ევროკავშირი სანქციების მე-12 პაკეტში

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ შესაძლოა, სანქციების ახალი, მე-12 პაკეტი ოქტომბრის პირველ ნახევარში წარადგინოს. ინფორმაციას Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო კიდევ ერთ სავარაუდო თარიღად ევროკავშირისა და აშშ-ის სამიტს ასახელებს, რომელიც იმავე თვეში უნდა გაიმართოს.

შეზღუდვების ახალ პაკეტში ევროკავშირმა შესაძლოა, რუსული ბრილიანტების იმპორტის აკრძალვაზე G7-ის ქვეყნების მექანიზმის ორიგინალური ვერსია წარადგინოს. Bloomberg-ი ადრე წერდა, რომ ეს მექანიზმი მოიცავს 2024 წლის დასაწყისიდან შესყიდვების როგორც პირდაპირ, ისე ირიბ შეზღუდვებსაც, როგორიც არის ინდოეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მოვაჭრეებისგან რუსული ქვების შეძენის აკრძალვა. სააგენტოს ცნობით, რუსული ძვირფასი ქვების შესყიდვაზე ევროპაში სანქციების დაწესების წინა მცდელობებს წამყვანი იმპორტიორი ქვეყნები, მათ შორის, ბელგია ეწინააღმდეგებოდა.

სანქციების მე-12 პაკეტში შესაძლოა, ასევე, შევიდეს წინადადება რუსეთის ცენტრალური ბანკის ბლოკირებული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის უკრაინის დასახმარებლად გამოყენების შესახებ. მანამდე წყაროები იტყობინებოდნენ, რომ ევროკომისიამ წარადგინა დოკუმენტის პროექტი, რომელიც ამ შემოსავლის ევროკავშირის ბიუჯეტში ლეგალურად გადარიცხვის მექანიზმს ადგენს.

ამასთან, Bloomberg-ის წყაროები ამბობენ, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის პოლონეთი და ბალტიისპირა სახელმწიოფები რუსეთის თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებასა და IT-სექტორზე დამატებითი სანქციების შემოღებას მოითხოვენ.

რიგი ქვეყნების ჯგუფი, ასევე, მოითხოვს სანქციების დაწესებას რუსეთის ბირთვული სექტორის წინააღმდეგ. მაგალითად, სანქციების მე-11 პაკეტის გამოქვეყნების შემდეგ ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედამ ევროკავშირს „როსატომის“ წინააღმდეგ სანქციების შემოღება მე-12 პაკეტის ფარგლებში შესთავაზა.

Bloomberg-ი იმასაც ვარაუდობს, რომ სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს იმ ზომებსაც, რომელიც მესამე ქვეყნებს, მათ შორის, თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შეზღუდვების გვერდის ავლაში ხელს შეუშლის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ