აბრამოვიჩმა სტამბოლში სასახლე იყიდა

რუსმა ოლიგარქმა, რომან აბრამოვიჩმა სტამბოლში, ბოსფორის სანაპიროზე სავარაუდოდ, სასახლე შეიძინა, რომლის სავარაუდო ღირებულებაც 18 მლნ დოლარია. ინფორმაციას თურქული გამოცემა, Hürriyet ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სასახლის ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, სადაც ახალი მფლობელი შვეულმფრენის მოედნის აშენებასაც გეგმავს.

შეძენილი ქონება ბოსფორის სრუტის სანაპიროზე, სტამბოლის უსკუდარის რაიონში, კანდილის (ვანიკეის) ტერიტორიაზე მდებარეობს. უძრავი ქონების საერთო ფართი 9600 კვ.მეტრია, სადაც, დაახლოებით, 2000 კვ.მ. ორ შენობას უკავია.

Hürriyet-ის ცნობით, სასახლეში ადრე თურქი მქადაგებელი და ტელეწამყვანი, ჰარუნ იაჰიას ფსევდონიმით ცნობილი, ადნან ოქტარი ცხოვრობდა, რომელიც ევოლუციის თეორიის უარმყოფელი სწავლების ავტორია. ის 2018 წელს ათამდე ბრალდებით დააკავეს, ხოლო 2021 წელს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

Hürriyet წერს, რომ სასახლის მამულის ახალმა მფლობელმა მისკენ მიმავალი გზები შეაკეთა და ტერიტორიის შემოღობვა დაიწყო, ხოლო თავად შენობა-ნაგებობების ტერიტორიაზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. გამოცემის ცნობით, ახალმა მფლობელმა ადგილზე ვერტმფრენის მოედნის აშენებაზე ნებართვა უკვე მიიღო.

2018 წლის მაისში რომან აბრამოვიჩი ისრაელის მოქალაქე მას შემდეგ გახდა, რაც დიდი ბრიტანეთის საინვესტიციო ვიზა ვერ განაახლა. 2021 წლის აპრილში მან სეფარდი ებრაელების შთამომავლების პროგრამის დახმარებით პორტუგალიის პასპორტიც მიიღო.

Forbes-ის რუსეთის რეიტინგში აბრამოვიჩი 9,2 მლრდ დოლარის ქონებით მე-16 ადგილს იკავებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ