ბაქო-თბილისი-ყარსის (ბთყ) რკინიგზით ამ დროისთვის 1,470 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა. ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ აბდულკადირ ურალოღლუმ Yeni Şafak-თან ექსკლუზიური ინტრვიუს დროს განაცხადა.
მისი თქმით, ბთყ-ის რკინიგზა შუა დერეფნის მნიშვნელოვანი რგოლია, რომელიც აზიასა და ევროპას შორის ერთ-ერთი სავაჭრო გზაა. შუა დერეფანი ჩინეთსა და ევროპას შორის, თურქული მარმარიას გავლით, უწყვეტ სარკინიგზო კომუნიკაციას უზრუნველყოფს.
„ამჟამად ბთყ-ის გავლით გრძელდება ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვა რუსეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში, თურქმენეთში, ყაზახეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთსა და ჩინეთში. ამ რკინიგზას ჩამოთვლილ ქვეყნებში თურქეთიდან სამშენებლო მასალები, რკინის მადანი, მანგანუმი, ბორაქსი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, საკვები პროდუქტები, საწმენდი საშუალებები, მარმარილო და სოფლის მეურნეობის პროდუქცია გადააქვს. პარალელურად, ამ ქვეყნებიდან თურქეთში მარცვლეული, სილიციუმი, ქაღალდი, კათოდური სპილენძი, თუთია, სასუქები, ქიმიური პროდუქტები და ელექტრონული საქონელი შედის,“ - აცხადებს აბდულკადირ ურალოღლუ.
მინისტრი, ასევე, ამბობს, რომ ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ბთყ-ის რკინიგზით აზერბაიჯანს, საქართველოს, თურქეთს შორის სამგზავრო რეისების შესრულების საკითხზე.
„ბთყ-ის რკინიგზით სამგზავრო რეისებისთვის საქართველოს 246-კილომეტრიან ხაზზე სამუშაოები მიმდინარეობს. ამ სამუშაოების დასრულებისა და სერტიფიცირების შემდეგ ბთყ-ის რკინიგზით მგზავრთა გადაყვანა დაიწყება. თურქეთი თავდაჯერებულად ასრულებს თავის მოვალეობას როგორც რკინიგზის სიმძლავრის გაზრდის, ასევე, ტვირთის გადამისამართების მიმართულებით. ამასთან, ბთყ-შუა დერეფნის სარკინიგზო ხაზზე ტვირთების გადაზიდვისთვის ერთობლივი სატრანსპორტო დოკუმენტის გამოყენება დაიწყო,“ - აცხადებს თურქი მინისტრი.
მისი შეფასებით, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირი სარკინიგზო და საავტომობილო გადაზიდვების უზრუნველყოფა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება, რომელიც მთელ თურქულ სამყაროს გააერთიანებს.
„საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებში შუა დერეფანი, მანძილისა და დროის თვალსაზრისით, სხვა სატრანსპორტო დერეფნების ძლიერ ალტერნატივად განიხილება. ასევე, თურქეთს 2023 წლის საინვესტიციო პროგრამაში შეტანილი აქვს ყარსი-ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობის პროექტი, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება დასრულდა და ამჟამად მოლაპარაკებები მის დაფინანსებაზე მიმდინარეობს. ჩვენ ყოველთვის ღია ვართ თანამშრომლობისთვის როგორც აზერბაიჯანთან, ასევე, სხვა თურქულ სახელმწიფოებთან,“ - ხაზგასმით ამბობს ურალოღლუ.
ცნობისთვის: ბაქო-თბილისი-ყარსის 850-კილომეტრიანი რკინიგზა ექსპლუატაციაში 2017 წელს შევიდა. პროექტის ამოცანა აზერბაიჯანის გავლით აზიიდან ევროპაში საქონლის დაჩქარებული, „ერთი გაჩერების“ პრინციპით მიწოდებაა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ