“დღეიდან, სებ-ი, როგორც ინსტიტუტი ხართ ბიძინას კანტორა - ბანკები ვერ გადაურიცხავენ ფარცხალაძეს უცხოურ ვალუტას ვერსად, სავარაუდოდ, თანხას გაიტანს და აქ ყველა ანგარიშს დახურავს,” – ასე ეხმაურება ეკონომიკის ექსპერტი აკაკი ცომაია ეროვნული ბანკის ახალ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.
„1.ცხადია, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გარკვეულ ზიანს აყენებს საფინანსო სისტემის უსაფრთხოებას (იხ. მე4 პუნქტი). თუმცა, არასწორია იმის მტკიცება, რომ ეს ფაქტი ჩამოშლის საბანკო სისტემას.
2. კომერციული ბანკები ვერ გადაურიცხავენ ფარცხალაძეს უცხოურ ვალუტას ვერსად. ეს უბრალოდ სიგიჟე იქნება. სავარაუდოდ, ფარცხალაძე თანხას გაიტანს და აქ ყველა ანგარიშს დახურავს.
3. მთავარი ისაა, რომ ყველაზე მეტად ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია ზიანდება, რადგან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მაძიებელი ქვეყანა უგანდას, ბელორუსისა და ამ ტიპის ქვეყნების კატეგორიაში ხვდება, როდესაც დასანქცირებული პირს აძლევს ქვეყანაში საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობას. ეს ბევრად უფრო დიდი საფრთხეა.
4. საფინანსო სისტემის უსაფრთხოება ზიანდება, რადგან
- შესაძლოა ქართული ბანკების ფასიანი ქაღალდების ფასი შემცირდეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე. არავინ იცის, სინამდვილეში რა მოხდება. სებ-ის გადაწყვეტილებამ რისკი წარმოქმნა, პოტენციური საფრთხე.
- სავარაუდოდ, სებ-ის ეს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს სავალუტო ფონდთან და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობაზეც.
- არავინ იცის, რეაქცია ექნება თუ არა აშშ-ს ხაზინას. ჩემი აზრით, ალბათ არა, მაგრამ მე არა ვარ აშშ-ს ხაზინა.
მაგრამ დროულად შეწყვიტეთ ბოდვა იმის შესახებ, რომ ხვალიდან ყველა დაიწყებს ბანკებიდან ფულის გატანას. როდესაც ამას განსაკუთრებით ჟურნალისტები აჟღერებთ პირდაპირ ეთერში დამაჯერებელი ტონითა და გამომეტყველებით, შეიძლება თქვენ გამოიწვიოთ პანიკა.
5. იმედია, თურნავა აცნობიერებს, რომ აწი თავადაც შეიძლება იქცეს დასანქცირების პოტენციურ კანდიდატად.
7. მნიშვნელობა არა აქვს, თურნავამ ერთპიროვნულად მიიღო თუ არა ეს გადაწყვეტილება. დღეიდან, სებ-ი, როგორც ინსტიტუტი ხართ ბიძინას კანტორა,“- წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.
ეროვნულმა ბანკმა გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა და რამდენიმე გამონაკლისი დაუშვა. ამ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სანქციები არ შეიძლება შეეხოს საქართველოს მოქალაქეს თუ მის მიმართ ქართულ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ აქვს გამოტანილი. შედეგად, ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძესსაქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.
შეგახსენებთ, 18 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ-ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეზღუდული აქვს. ამის პასუხად "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სებ-ის გადაწყვეტილება "პირდაპირ ეწინააღმდეგება“ საქართველოს კონსტიტუციას.
ცნობისთვის, 14 სექტემბერს აშშ-მ ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში “ქართველი-რუსი ოლიგარქი” ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. მათივე ცნობით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) აღნიშნულ ოლიგარქთან მუშაობდა, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარ პროკურორად 2013 წლის 7 ნოემბერს დაინიშნა, ამავე წლის 30 დეკემბერს გადადგა.