თურქეთს, საქართველოსა და რუსეთს შორის მთელი წლის განმავლობაში ბორანი ამოქმედდება. ამის შესახებ რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცეპრეზიდენტ ვლადიმერ პადალკომ განაცხადა, რასაც TASS ავრცელებს.
პადალკომ ეს განცხადება რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში რუსულ-ქართული ბიზნესსაბჭოს შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელიც ვლადიკავკაზში გაიმართა.
მისი თქმით, ბორანი 150 ავტომობილსა და 300 მგზავრზე იქნება გათვლილი.
„ჩვენ ვისაუბრეთ თურქეთ-საქართველო-რუსეთს შორის საბორნე მომსახურების შესახებ საზღვაო ასპარეზზე, რომელიც, თითქმის, მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს. ეს საქართველოსთან ლოგისტიკის პრობლემას მაინც ვერ მოხსნის და მხოლოდ დამატებითი სერვისი იქნება,“ - ამბობს პადალკო.
მისი თქმით, შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს საქართველოსა და რუსეთს შორის სარკინიგზო კომუნიკაციის საკითხი, რომელიც ძველი მარშრუტის, ანუ აფხაზეთის რკინიგზის გახსნას ან ახალი სამარშრუტო გზის მშენებლობას გულისხმობს, რა ინიციატივითაც ინგუშეთი გამოდის.
„თუ მოვახერხეთ სარკინიგზო კავშირის აღორძინება, მხოლოდ ისღა დარჩება მოსაგვარებელი, თუ რა გზით გაივლის ის: ახალი მარშრუტებით, რომელსაც ინგუშეთი გვთავაზობს თუ აფხაზეთის გავლით ძველ მარშრუტს აღვადგენთ?! ეს ჩვენს ურთიერთბებში გარღვევა იქნება,“ - აცხადებს რუსეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცეპრეზიდენტი.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის მაისში რუსეთსა და საქართველოს შორის საზღვაო ტვირთების გადაზიდვა ნოვოროსიისკი-ბათუმი-ნოვოროსიისკის მარშრუტით დაიწყო. მაშინ ერევანში განაცხადეს, რომ ახალი მარშრუტი ზემო ლარსის გზის ალტერნატივას წარმოადგენდა, ხოლო საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ცნობით, ტვირთის გადაზიდვა არარეგულარული და კომერციული იყო.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ