ქობულეთის შემოვლითი გზის მშენებლობაზე მუშები გაიფიცნენ

ქობულეთის შემოვლით გზაზე დასაქმებულები გაიფიცნენ. მუშებმა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით, მაგისტრალის ჩაისუბნის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები შეაჩერეს. გაფიცულები აცხადებენ, რომ სამუშაო დღის ხანგრძლივობის გაზრდის მიუხედავად, ანაზღაურება იგივე დარჩა. მუშების თქმით, კომპანია "სინოჰიდროს" წარმომადგენლები მათ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც აყენებენ და ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელიც ობიექტიდან წყლის მოსატანად გავიდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

გაფიცულებს კომპანიის იურისტი ბადრი ღაღაიშვილი შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ ყველა პრობლემა მოგვარდება და ზეგანაკვეთური საათები ანაზღაურდება. იურისტის თქმით, კომპანიის თანამშრომელი გათავისუფლებული არ არის და მას შეუძლია მუშაობის გაგრძელება.